შიზოფრენია მოიცავს შემეცნებითი, ქცევითი და ემოციური პრობლემების მთელ ჯაჭვს.
იგი სერიოზული მენტალური დარღვევაა, რომლის გამოც პაციენტს უჭირს რეალობის ადეკვატურად, სწორად აღქმა. ფსიქიკური დარღვევის გამო ჩნდება ჰალუცინაციები, ირღვევა ფიქრისა და ქცევის უნარი, ქვეითდება ყოველდღიური ცხოვრების ტემპი, უარესდება როგორც პირადი, ისე სოციალური ურთიერთობები.
შიზოფრენიით დაავადებულებს ხანგრძლივი დროით მკურნალობა ესაჭიროებათ და ძალიან მნიშვნელოვანია ადრეულ სტადიაზე დაისვას დიაგნოზი, დროულად დაიწყოს სიმპტომების მართვა და შეძლებისდაგვარად მოხდეს პათოლოგიის გართულების პრევენცია.
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია,მენტალური სტატუსის შემოწმება.
შიზოფრენიის სრულად განკურნების მეთოდი უცნობია, თუმცა სიმპტომებისა და მდგომარეობის მართვა შესაძლებელია მედიკამენტებითა და ფსიქოსოციალური თერაპიით. მკურნალობა საჭიროა მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები შესუსტებულია.
მწვავე სიმპტომებისა თუ კრიზისის დროს პაციენტის ჰოსპიტალიზირება ხდება.
შიზოფრენიის მქონე პაციენტებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ექთნები ფსიქიატრიის განხრით.
ანტიფსიქოზური მედიკამენტები შიზოფრენიის მკურნალობის ძირითადი მეთოდია. იმ ზრდასრულ პაციენტებს, რომელთაც მედიკამენტები ვერ შველით, ენიშნებათ ელექტროკრუნჩხვითი თერაპია.
ექიმები ადასტურებენ, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტთა უმეტესობას მხარდაჭერა და გვერდში დგომა ესაჭიროება ყოველდღიურად.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/schizophrenia/diagnosis-treatment/drc-20354449
