რა არის ცისტიტი?
ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა და უმეტესად, ბაქტერიული ინფექციითააგამოწვეული. მედიკოსები ამ მდგომარეობას საშარდე გზების ინფექციას უწოდებენ.
ინფექცია იწვევს ტკივილსა და გაღიზიანებას; საჭიროებს მკურნალობას, რადგან ახასიათებს გართულება - ინფექცია თირკმელებში ვრცელდება.
იშვიათად, მაგრამ ცისტიტის მიზეზი შესაძლოა იყოს გარკვეულ მედიკამენტებზე რეაქცია, სხივური თერაპია ან სხვა პოტენციური გამღიზიანებლები.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ცისტიტი შესაძლოა იყოს სხვა დაავადების გართულებული მდგომარეობა.
მკურნალობა
თვითმკურნალობა დაუშვებელია!
სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს, რომელიც შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და დანიშნავს მკურნალობის კურსს, მაგალითად, ბაქტერიული ცისტიტისთვის მოწოდებულია ანტიბიოტიკები, ხოლო სხვა ტიპის ცისტიტის მართვა შესაძლებელია მხოლოდ გამომწვევი მიზეზის მკურნალობით.
სიმპტომები
ცისტიტის ნიშნები და სიმპტომებია:
- მოშარდვის ძლიერი, მუდმივი სურვილი;
- შარდვის დროს წვის შეგრძნება;
- ხშირი შარდვა და ამასთან, გამოიყოფა შარდის მხოლოდ მცირე რაოდენობა;
- სისხლი შარდში (ჰემატურია);
- ამღვრეული და ჩვეულზე უფრო მძაფრი, უსიამოვნო სუნის მქონე შარდი;
- დისკომფორტი მენჯის არეში;
- მუცლის ქვედა არეში წნევის შეგრძნება;
- დაბალი სიცხე.
გამომწვევი მიზეზი
ბაქტერიული ცისტიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერია ორგანიზმის გარედან შარდის ბუშტში ხვდება შარდსაწვეთის მეშვეობით და გამრავლებას იწყებს. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია ბაქტერია სახელწოდებით ნაწლავის ჩხირი.
შარდის ბუშტის ბაქტერიული ინფექცია ქალებში შესაძლოა განვითარდეს სქესობრივი აქტის შემდგომაც. თუმცა ბაქტერიული ცისტიტი შესაძლოა განვითარდეს სქესობრივად არააქტიური ქალების ორგანიზმშიც.
არაინფექციური ცისტიტი
ცისტიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ბაქტერიული ინფექცია, თუმცა შარდის ბუშტის ინფიცირების მიზეზი შესაძლოა გახდეს რიგი არაინფექციური ფაქტორები, მაგალითად:
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- სხივური თერაპია (რადიოთერაპია);
- კათეტერის ხანგრძლივი გამოყენება;
- მგრძნობელობა ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალების შემადგენელ ქიმიურ ნივთიერებაზე;
- სხვა დაავადებების (დიაბეტი, თირკმლის კენჭები, პროსტატის გადიდება, ზურგის ტვინის ტრავმა) გართულებული მდგომარეობა და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cystitis/symptoms-causes/syc-20371306