რა არის ემფიზემა?
ემფიზემა არის ფილტვის მდგომარეობა, რომელიც სუნთქვის უკმარისობას იწვევს.
ემფიზემას გამო ფილტვის ალვეოლი (ჰაერის შემცველი ბუშტუკები) ზიანდება.
დროთა განმავლობაში ჰაერის ბუშტუკების შიდა კედლები სუსტდება და მთლიანობა ირღვევა, შესაბამისად, წარმოიქმნება გაცილებით დიდი ზომის ჰაერის სივრცე. შედეგად ფილტვის ზედაპირი მცირდება, შესაბამისად, სისხლის მიმოქცევის სისტემაში გაცილებით ნაკლები რაოდენობის ჟანგბადი აღწევს. უფრო მარტივად რომ განვმარტოთ - ამოსუნთქვის დროს დაზიანებული ალვეოლი სათანადოდ ვერ მუშაობს, ანუ ორგანიზმში უკვე ჩასუნთქულიჰაერი გროვდება, შესაბამისად, ჟანგბადით მდიდარი და სუფთა ჰაერისთვის საკმარისი სივრცე ფიზიკურად აღარ რჩება.
აღსანიშნავია, რომ კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ემფიზემას მქონე პირებს ასევე აქვთ ქრონიკული ბრონქიტიც.
სიმპტომები
სამწუხაროდ, ზოგჯერ პათოლოგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომსავსებით შესაძლებელია პაციენტი ემფიზემათი წლების განმავლობაში ავადობდეს, მაგრამ არაფერი აწუხებდეს.
თუმცა ემფიზემის მთავარი სიმპტომი სუნთქვის უკმარისობაა, რომელიც თანდათან ვითარდება.
როგორც წესი, საწყის ეტაპზე ადამიანი ცდილობს მოერიდოს ისეთ აქტივობას, რომელიც სუნთქვის უკმარისობას იწვევს, თუმცა ეს მხოლოდ დროებითია. საბოლოოდსუნთქვის პრობლემა ყოველდღიური საქმიანობის შესრულების დროსაც ჩნდება და მაშინაც კი, როცა პაციენტი ისვენებს, არაფერს აკეთებს (ფიზიკურად არ იტვირთება).
როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ სრულიად უმიზეზოდ განვითარდა სუნთქვის უკმარისობა და აღნიშნული დისკომფორტი რამდენიმე თვეა გრძელდება.
ნუ დააბრალებთ სიმპტომს ასაკს, წონას ან სხვა ფაქტორს;ეს საკმაოდ საყურადღებო ნიშანია და თვითნებურად დიაგნოზის დასმითა თუ თვითმკურნალობით ფილტვის მდგომარეობას უფრო გაამწვავებთ.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ:
- სუნთქვა იმდენად გიჭირთ, რომ კიბეზე ასვლასაც კი ვერ ახერხებთ;
- ტუჩმა ან ფრჩხილმა მიიღო ლურჯი ან ნაცრისფერი შეფერილობა;
- შენიშნეთ მენტალური პრობლემა.
გამომწვევი მიზეზი
ემფიზემის მთავარი გამომწვევი მიზეზი ჰაერში არსებულ გამღიზიანებლებთან ხანგრძლივი კონტაქტია, კერძოდ:
- თამბაქო;
- მარიხუანა;
- დაბინძურებული ჰაერი;
- ქიმიური მტვერი და კვამლი.
იშვიათად, მაგრამ გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სპეციფიკური ცილის (ცილა, რომელიც იცავს ფილტვში ელასტიკურ სტრუქტურას) თანდაყოლილი დეფიციტი. ამ მდგომარეობას სამედიცინო ენაზე ალფა-1-ანტიტრიპსინის დეფიციტით გამოწვეული ემფიზემა ეწოდება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/emphysema/symptoms-causes/syc-20355555