რა უნდა იცოდეთ გადიდებული გულის შესახებ?
გადიდებული გული (სამედიცინო ენაზე კარდიომეგალია) არ არის დაავადება და რეალურად სხვა დაავადების ნიშანს, სიმპტომს წარმოადგენს.
კარდიომეგალია ეწოდება მდგომარეობას, როდესაც გულის მოცულობაში ზრდა დასტურდება ნებისმიერი სადიაგნოსტიკო კვლევის და მათ შორის გულმკერდის რენტგენის მეშვეობით. ამის შემდეგ უკვე საჭირო ხდება დამატებითი კვლევები, გადიდებული გულის გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.
შესაძლოა გულის ზომაში ზრდას იწვევდეს ორგანიზმის ხანმოკლე სტრესული მდგომარეობა, გულის კუნთის დასუსტება, კორონარული არტერიის დაავადება, გულის სარქვლის პრობლემები და სხვა.
გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე გადიდებული გული შეიძლება იყოს დროებითი ან პერმანენტული სიმპტომი.
როგორც წესი, გულის მოცულობა ფიზიოლოგიურ ზომას უბრუნდება გამომწვევი პათოლოგიის მკურნალობის შემდეგ - მკურნალობის კურსი შესაძლოა მოიცავდეს როგორც მედიკამენტურ თერაპიას, ისე ქირურგიულ ჩარევას.
სიმპტომები
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სპეციფიკური სიმპტომები არ ვლინდება.
სიმპტომური მიმდინარეობის დროს ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელია:
- სუნთქვის უკმარისობა;
- არითმია;
- შეშუპება.
გამომწვევი მიზეზი
გულის გადიდებას იწვევს პათოლოგიები, რომელიც განაპირობებს გულის ნორმალურზე, ჩვეულებრივზე უფრო მეტ დატვირთვას ან გულის კუნთის დაზიანებას.
ზოგჯერ ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია და მსგავს კლინიკურ შემთხვევებს იდიოპათიური კარდიომეგალია ეწოდება.
გულის ზომაში ზრდის მიზეზი შეიძლება იყოს გულის შეტევა, გულის მემკვიდრული დაავადებები ან არითმია.
სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);
- გულის სარქვლის დაავადება;
- კარდიომიოპათია;
- პულმონარული ჰიპერტენზია (ფილტვისმიერი ჰიპერტენზია);
- სითხე გულის გარშემო;
- კორონარული არტერიის დაავადება;
- ანემია;
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
- ჰემოქრომატოზი;
- ამილოიდოზი.
როდის მივმართოთ ექიმს?
გადიდებული გულის მკურნალობა ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში გაცილებით მარტივია. სწორედ ამიტომ გულის არეში არსებული ნებისმიერი დისკომფორტის შემთხვევაშიუნდა გაიაროთ კარდიოლოგის კონსულტაცია.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ შენიშნეთ რომელიმე ეს სიმპტომი (შესაძლოა საქმე გულის შეტევასთან, ინფარქტთან გქონდეთ):
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- დისკომფორტი სხეულის ზედა არეში (მკლავებში, ზურგში, კისერში, კუჭში, ყბაზე);
- სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
- გულის წასვლა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/enlarged-heart/symptoms-causes/syc-20355436