რა არის ბავშვის რხევის სინდრომი (ბავშვის შენჯღრევის სინდრომი)?
სინდრომი ასევე ცნობილია თავის ძალადობრივი ტრავმის სახელწოდებითაც. ეს არის ტვინის სერიოზული დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ბავშვის ძლიერად შეჯანჯღარების შედეგად.
ბავშვის რხევის სინდრომის დროს ნადგურდება ტვინის უჯრედები, შესაბამისად, ტვინი ვეღარ იკვებება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით.
არასდროს შეანჯღრიოთ პატარა ადამიანი - ეს არის ძალადობა, რომელიც იწვევს ტვინის მუდმივ დაზიანებას ან სიკვდილს!
სიმპტომები
სინდრომის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ძლიერი გაღიზიანება;
- პატარას უჭირს გამოფხიზლება;
- სუნთქვის პრობლემები;
- ბავშვი ცუდად იკვებება;
- ღებინება;
- ფერმკრთალი ან მოლურჯო კანი;
- გულყრა;
- პარალიზი;
- კომა.
შესაძლოა ფიზიკური დაზიანების ნიშნები ვერც კი შენიშნოთ. ზოგჯერ სახეზე ვლინდება სილურჯეები.
სხვა დაზიანებები, რომელიც მაშინვე ვიზუალურად არ ჩანს, არის ტვინსა და თვალებში სისხლდენა, ზურგის ტვინის დაზიანება, ნეკნის, თავის ქალის, ფეხების მოტეხილობა.
სინდრომის მსუბუქ კლინიკურ შემთხვევებში ბავშვი არანაირ სიმპტომატიკას ავლენს, თუმცა ეს მხოლოდ დროებითია - სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში გამოვლინდება ჯანმრთელობის ან ქცევის პრობლემები.
გამომწვევი მიზეზი
ბავშვს სუსტი კისრის კუნთები აქვს და უჭირს თავის სწორად დაჭერა. წარმოიდგინეთ ამ პირობებში ძლიერად რხევის დროს რა ემართება პატარა ადამიანის ორგანიზმს - თავის ქალაში ბავშვის მყიფე ტვინი წინ და უკან მოძრაობს. ეს იწვევს ჩალურჯებას, სისხლჩაქცევას, შესიებასა და სისხლდენას.
როგორც წესი, სინდრომი ვითარდება მაშინ, როდესაც მშობელი, ძიძა ან ნებისმიერი პირი, რომელიც პატარაზე ზრუნავს, სიბრაზის თუ სხვა მიზეზის გამო პატარას აჯანჯღარებს.
მკურნალობა
გახსოვდეთ, ყოველი წამი მნიშვნელოვანია, შესაბამისად, თუ ეჭვობთ, რომ ტრავმული დაზიანება სწორედ ამ სინდრომითაა გამოწვეული მიმართეთ კლინიკას, მოითხოვეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება!
სინდრომის მკურნალობის მეთოდი შესაძლოა იყოს სუნთქვითი მხარდაჭერა და ქირურგიული ჩარევა, ტვინში სისხლდენის შეჩერების მიზნით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/shaken-baby-syndrome/symptoms-causes/syc-20366619