დაგსიზმრებიათ თითქოს სიმაღლიდან ვარდებით, სამსახურში დაგაგვიანდათ ან კბილი მოგტყდათ?
სიზმარი ძილში ტვინის მიერ შექმნილი ამბისა თუ ფოტოების ერთობლიობაა. ზოგიერთი ადამიანი ხშირად იძიებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას ნიშნავს სიზმარში ნანახი სცენარი.
არსებობს ძილის 5 ფაზა.
რატომ ვხედავთ სიზმარს?
ნეირომეცნიერებს ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სიზმარი ეს არის უსიამოვნო ინფორმაციისა და მეხსიერების მოცილების პროცესი, მაშინ როცა ტვინში მნიშვნელოვანი მონაცემი მუშავდება. შეიძლება ამის მიზეზია ის, რომ ზოგიერთი ადამიანი სიზმრის ნახვის შემდეგ უფრო გახალისებული თუ გამოცოცხლებული იღვიძებს.
მეცნიერები რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებენ, კერძოდ, სიზმარს ვხედავთ იმიტომ რომ:
- ძილში ჩნდება ქვეცნობიერის სურვილი;
- ძილში ვლინდება ტვინიდან და სხეულიდან წამოსული შემთხვევითი სიგნალები;
- როცა გძინავთ ტვინი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს, აერთიანებს და სხვა.
სიზმარი შესაძლოა იყოს ძალიან ცოცხალი და რეალური, გაგაბედნიეროთ ან შეგაწუხოთ.
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ სიზმარს რეალურ ფიქრებსა და ემოციებთან კავშირი არ აქვს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, კი სიზმრის სიუჟეტი სწორედ რომ ადამიანის ფიქრის, გრძნობის, შიშის, სურვილის ანარეკლია.
თითქმის ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნახავს კოშმარული სიზმარი, რომელიც გაღვიძების შემდეგაც კი უსიამოვნო განცდას ტოვებს. მკვლევარები თვლიან, რომ როგორც წესი, ამ ტიპის სიზმარს ადამიანები ხედავენ მაშინ, როდესაც არიან სტრესში, ეშინიათ, გადაიტანეს ემოციური თუ ფიზიკური ტრავმა, ავადმყოფობენ.
სავსებით მოსალოდნელია კოშმარულ სიზმარს იწვევდეს ზოგიერთი მედიკამენტი, ანუ წამლის გვერდითი ეფექტი იყოს.
ალბათ გაგიგონიათ ასეთი ფრაზა „ამბავი ძილში ჩამყვაო“, დიახ, ზოგჯერ დაძინებამდე ნანახი ან გაგონილი ისტორია ხდება სიზმრის მთავარი სცენარი.
რატომ გვიჭირს სიზმრის დამახსოვრება?
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ტვინი არ თვლის სიზმარს როგორც ღირებულ ფაქტს, რომლის დამახსოვრებაც საჭიროა.
როგორც წესი, ადამიანებს ყველაზე უკეთ ამახსოვრდებათ სიზმარი, რომელსაც გაღვიძებამდე ხედავენ.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 10 წელს გადაცილებული ადამიანები ღამის განმავლობაში 4 და ზოგჯერ 6 სიზმარსაც კი ხედავენ, მაგრამ გაღვიძებისას ერთიც არ ახსოვთ და ამბობენ სიზმარს არ ვნახულობო.
სიზმარი დღესაც ერთ-ერთი ამოუხსნელი ფენომენია, რადგან მისი ბუნებიდან გამომდინარე ლაბორატორიული კვლევის წარმოება შეუძლებელია, შესაბამისად, ამ თემაზე საუბრის დროს მეცნიერები მხოლოდ თეორიულ მოსაზრებას ეყრდნობიან.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს სიზმრის შესახებ:
- შეიძლება დილით არაფერი გახსოვდეთ, მაგრამ ღამით მინიმუმ 3 სიზმარში „მოგზაურობდით“;
- შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ სიზმარს მთელი ღამის განმავლობაში ხედავთ, თუმცა სინამდვილეში ყოველი სიზმარი 5-დან მხოლოდ 20 წუთამდე გრძელდება;
- გაღვიძებისას სიზმრის დაახლოებით 95% არ გახსოვთ;
- სიზმარმა შესაძლოა განავითაროს ხანგრძლივი მეხსიერება;
- უსინათლო ადამიანები უფრო მეტად სენსორული კომპონენტებისგან შემდგარ სიზმარს ხედავენ.
წყარო:
https://www.mayoclinichealthsystem.org/hometown-health/speaking-of-health/why-do-we-dream
https://www.medicalnewstoday.com/articles/284378#interpretations