რა არის ჰაშიმოტოს დაავადება?
ჰაშიმოტოს დაავადება არის მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა თავს ესხმის ფარისებრ ჯირკვალს.
ჰაშიმოტოს დაავადება ასევე ცნობილია ქრონიკული ლიმფოციტური თიროიდიტის სახელწოდებითაც.
ჰაშიმოტოს დაავადებით განვითარებული ანთებითი პროცესი ხშირად გარდაიქმნება ჰიპოთირეოზად. მეცნიერთა განმარტებით, ჰაშიმოტოს დაავადება ჰიპოთირეოზის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია - როგორც წესი, პათოლოგია ხშირია შუახნის ასაკის ქალბატონებში, თუმცა ჰიპოთირეოზის დიაგნოზისგან არც მამაკაცები და არც ბავშვები არიან დაზღვეულები. პათოლოგია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.
ჰაშიმოტოს დაავადების მკურნალობა ხდება თიროიდული ჰორმონის ჩანაცვლებით და ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია.
სიმპტომები
საწყის ეტაპზე პაციენტი ჰაშიმოტოს დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ვერ ამჩნევს და ვიზუალურად შესამჩნევია მხოლოდ ყელის წინა არეში შესიება.
ჰაშიმოტოს დაავადება წლების განმავლობაში ნელა პროგრესირებს და იწვევს ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკულ დაზიანებას, რაც საბოლოოდ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის დაქვეითებით სრულდება. ამ დროს ვლინდება ჰიპოთირეოზისთვის (ჰიპოთიროიდიზმი) დამახასიათებელი სიმპტომები.
ჰიპოთირეოზის სიმპტომებია:
- დაღლილობა და ზოზინი;
- სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ყაბზობა;
- მშრალი, ფერმკრთალი კანი;
- შეშუპებული სახე;
- მტვრევადი ფრჩხილები;
- უმიზეზოდ წონის მატება;
- კუნთების ტკივილი;
- სახსრების ტკივილი;
- კუნთების სისუსტე;
- გახანგრძლივებული ან ჭარბი მენსტრუაცია;
- დეპრესია;
- მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.
გამომწვევი მიზეზი
ჰაშიმოტოს დაავადება აუტოიმუნური დარღვევაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს, რაც ვნებს, აზიანებს ფარისებრ ჯირკვალს.
ექიმებისთვის უცნობია თუ რა მიზეზით ებრძვის, უტევს იმუნიტეტი ფარისებრ ჯირკვალს. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ რეაქციის მიზეზი ვირუსი ან ბაქტერიაა, სხვა მკვლევართა მოსაზრებით, კი ამ პროცესის ხელშემწყობია გენეტიკური დეფექტი, გენეტიკური დარღვევა. დარღვევის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს უნდა თამაშობდეს როგორც მემკვიდრული, ისე სხვა ფაქტორების (სქესი და ასაკი) კომბინაცია.
რისკ-ფაქტორები
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- სქესი (ჰაშიმოტოს დაავადება ქალებს უფრო ხშირად აქვთ);
- ასაკი (დაავადება შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მაგრამ განსაკუთრებით ხშირია შუახნის ასაკში);
- გენეტიკა. ჰაშიმოტოს დაავადების რისკ-ჯგუფში იმყოფებით, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ავადობს ფარისებრი ჯირკვლის ან აუტოიმუნური დაავადებებით;
- გაქვთ სხვა რომელიმე აუტოიმუნური დაავადება;
- გარემო, სადაც მაღალია გამოსხივების, რადიაციის დონე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hashimotos-disease/symptoms-causes/syc-20351855