რა არის კალციფიკატები?
ეს არის მდგომარეობა, როდესაც კალციუმი გროვდება სარძევე ჯირკვალში, კალციფიკატები ნიშნავს კალციუმის ნადებებს მკერდის ქსოვილში.
კალციფიკატების დიაგნოსტირება ხდება მამოგრაფიული კვლევის დროს - მამოგრამაზე ჩანს თეთრი ლაქების ან ნაწილაკების, წინწკლების სახით.
კალციფიკატები სარძევე ჯირკვალში ხშირია 50 წელს გადაცილებულ პირებში.
მიუხედავად იმისა, რომ მკერდის კალციფიკატები უმეტესად არასიმსივნური (კეთილთვისებიანი) ხასიათისაა, არსებობს ზოგიერთი ფორმა (მაგალითად, მჭიდრო კლასტერები, გროვა უსწორმასწორო ფორმით), რომელიც შესაძლოა მკერდის კიბოზე ან სარძევე ჯირკვლის ქსოვილში კიბოსწინარე ცვლილებებზე მიუთითებდეს.
მამოგრამაზე კალციფიკატები ვლინდება მაკროკალციფიკატების ან მიკროკალციფიკატების სახით.
როცა კალციფიკატები საეჭვოდ გამოიყურება, საჭირო ხდება შემდგომი დამატებითი კვლევები, მაგალითად, ბიოფსია.
გამომწვევი მიზეზი
სარძევე ჯირკვლის კალციფიკატების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ძუძუს კიბო;
- მკერდის კისტები;
- უჯრედის სეკრეცია;
- სადინრის კარცინომა ინ სიტუ;
- ფიბროადენომა;
- სარძევე სადინრის ექსტაზია;
- ტრავმა ან ქირურგიული ოპერაცია მკერდის არეში;
- კანის ან სისხლძარღვის კალციფიკაცია.
გაითვალისწინეთ, რომ დეოდორანტებს, კრემსა თუ ფხვნილს მამოგრამაზე კალციფიკატების იმიტირება შეუძლია, შესაბამისად, რთულია იმის გარკვევა კალციფიკატები სიმსივნური ხასიათისაა თუ არა. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია მამოგრაფიული კვლევის დღეს არ ისარგებლოთ კოსმეტიკური საშუალებებით.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ კალციფიკატები ასოცირებულია კიბოსწინარე ცვლილებებთან ან ძუძუს კიბოსთან, სავსებით შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი მამოლოგიური კვლევა გაძლიერებული გამოსახულებით.
რადიოლოგმა შესაძლოა მოითხოვოს მკერდის ქსოვილის ბიოფსია.
დინამიკის შესწავლის მიზნით, შესაძლოა საჭირო გახდეს 6-თვიანი მონიტორინგი - მედიკოსი შეამოწმებს ხომ არ შეიცვალა კალციფიკატების ზომა, ფორმა, რაოდენობა და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/breast-calcifications/basics/definition/sym-20050834