რა სიმპტომებით ვლინდება შეშუპება მუხლის არეში?

რა სიმპტომებით ვლინდება შეშუპება მუხლის არეში?

რა პათოლოგიაა შეშუპება მუხლის არეში?

მუხლის არეში შეშუპება არის მდგომარეობა, როდესაც მუხლის სახსარში ან მის გარშემო ჭარბი რაოდენობის სითხე გროვდება. ექიმმა ამ მდგომარეობას შესაძლოა უწოდოს მუხლის სახსრის ეფუზია. ზოგიერთი ადამიანი პათოლოგიას განმარტავს შემდეგი სიტყვებით „მუხლში წყალი მაქვს, მუხლში წყალი ჩამიდგა“.

მუხლის არეში შეშუპების მიზეზი შესაძლოა იყოს ტრავმა, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული დაზიანება, ფარულად მიმდინარე დაავადება და სხვა.

მუხლის შეშუპების გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისთვის ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სითხის ანალიზი. დიაგნოსტირებისთვის რეკომენდებულია რენტგენი და ულტრაბგერითი კვლევა; შესაძლოა საჭირო გახდეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მუხლის არეში შეშუპების მიზეზის დადგენის შემდეგ ინიშნება მკურნალობის შესაბამისი კურსი.

როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სითხის ამოღების შემდეგ პაციენტი გრძნობს შვებას - ამ პროცედურით ტკივილი მნიშვნელოვნად მსუბუქდება.

თუ პათოლოგიის მართვის არაქირურგიული მეთოდები გარკვეული მიზეზების გამო არაეფექტური იქნება, ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს, ექიმი განიხილავს ართროცენტეზის (მუხლის სახსრის პუნქცია), ართროსკოპიისა და მუხლის სახსრის ჩანაცვლების პროცედურას.

რასაკვირველია, მკურნალობის კურსი ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევაზე.

მუხლის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, მოწოდებულია ფიზიოთერაპიის კურსი.

სიმპტომები

ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • კვირისტავის (მუხლის თავი) გარშემო კანი შუპდება, იბურცება და ეს სიმპტომი განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება თუ მეორე, ჯანმრთელ მუხლს შეადარებთ;
  • გიჭირთ ფეხის გაშლა და მოხრა;
  • ძლიერი ტკივილი მუხლის არეში.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ:

  • თვითმკურნალობის ან გამოწერილი მედიკამენტების მიღების მიუხედავად არ გაუმჯობესდა მდგომარეობა, კვლავ უჩივით ტკივილსა და შეშუპებას მუხლის არეში;
  • მეორე, ჯანმრთელ მუხლთან შედარებით ტრავმირებული თბილი და შეწითლებულია.

გამომწვევი მიზეზები

მუხლის შეშუპების მიზეზი მრავალფეროვანია, განვიხილოთ დეტალურად.

ტრავმა/დაზიანება

მუხლის არეში მიღებული ტრავმის, დაზიანების გამო მნიშვნელოვნად იზრდება სახსარში ჭარბი რაოდენობით სითხის დაგროვების რისკი.

საყურადღებოა შემდეგი:

  • წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება;
  • მენისკის დაზიანება;
  • სახსრის ზედმეტი დატვირთვით გამოწვეული გაღიზიანება;
  • ძვლის მოტეხილობა.

დაავადებები

ზოგიერთი დაავადების ან მდგომარეობის დროს მუხლის სახსარში, ან მის გარშემო სითხე გროვდება და კერძოდ, ეს პათოლოგიებია:

  • ოსტეოართრიტი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ინფექცია;
  • პოდაგრა;
  • ფსევდონიკრისი;
  • ბურსიტი;
  • კისტები;
  • სიმსივნე.

რისკ-ფაქტორები

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ასაკი. მუხლის შეშუპების რისკი, რომელიც ართრიტთან არის დაკავშირებული, იზრდება ასაკის მატებასთან ერთად;
  • სპორტი. ისეთი სპორტული აქტივობები, რომლის დროსაც დატვირთულია მუხლი, ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მოგეხსენებათ, შეშუპება ხშირად სწორედ ტრავმის გამო ვლინდება;
  • სიმსუქნე. ჭარბი წონა, ზედმეტი კილოგრამები სერიოზული სტრესი, დამატებითი დატვირთვაა მუხლის სახსრისთვის.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/swollen-knee/symptoms-causes/syc-20378129