რა არის A ჰეპატიტი (ბოტკინი)?
A ჰეპატიტი ძალიან გადამდები ღვიძლის ინფექციაა, რომელსაც იწვევს A ჰეპატიტის ვირუსი.
A ჰეპატიტი წლების განმავლობაში ცნობილი იყო სხვადასხვა სახელწოდებით, მაგალითად, ინფექციური ჰეპატიტი, ეპიდემიური ჰეპატიტი, ბოტკინი.
ეს ვირუსი ერთ-ერთია ჰეპატიტის ვირუსის ოჯახიდან, რომელიც იწვევს ანთებას და გავლენას ახდენს, ზემოქმედებს ღვიძლის ფუნქციონირების უნარზე.
როგორც წესი, ადამიანი ინფიცირდება დაბინძურებული წყლით ან საკვებით, ან ინფიცირებულ პირთან თუ საგანთან ახლო კონტაქტით.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ ნაწილში მკურნალობის კურსის დასრულების, გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტის ღვიძლი სამუდამოდ არ ზიანდება.
პრევენცია
ბოტკინისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი პირადი ჰიგიენის დაცვაა, კერძოდ, აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა.
რისკ-ჯგუფში მყოფ პირებს ვაქცინაცია უტარდებათ.
სიმპტომები
A ჰეპატიტის სიმპტომებია:
- დაღლილობა;
- მოულოდნელად აღმოცენებული გულისრევა და ღებინება;
- ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში;
- კუჭის მოქმედებისას თიხისფერი განავალი;
- უმადობა;
- დაბალი ტემპერატურა;
- მუქი ფერის შარდი;
- სახსრების ტკივილი;
- სიყვითლე;
- ქავილი.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ ბოტკინისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
მიმართეთ ექიმს და მისგან მიიღეთ ინფორმაცია A ჰეპატიტის აცრის შესახებ შემდეგი შემთხვევების დროს:
- უახლოეს წარსულში იმოგზაურეთ მექსიკაში, სამხრეთ ან ცენტრალურ ამერიკაში, ან ისეთ რეგიონში, სადაც არ იყო დაცული სანიტარია;
- ისადილეთ რესტორანში, სადაც დაფიქსირდა A ჰეპატიტის ვირუსი;
- პირს, ვისთანაც ახლო კონტაქტი გაქვთ, დაუდასტურდა ბოტკინი;
- A ჰეპატიტით ინფიცირებულთან გქონდათ სქესობრივი კავშირი.
გამომწვევი მიზეზი
A ჰეპატიტს იწვევს ვირუსი, რომელიც აინფიცირებს ღვიძლის უჯრედებს და იწვევს ანთებას. როგორც წესი, ვირუსი ვრცელდება დაბინძურებული საკვებისა და სასმელის მიღების შედეგად. ინფექცია არ გადადის დაცემინებით ან ხველით.
გართულებული შემთხვევა
ვირუსული ჰეპატიტის სხვა ტიპებისგან განსხვავებით A ჰეპატიტი არ იწვევს ღვიძლის ხანგრძლივი დროით დაზიანებას, ანუ ინფექცია არ ხდება ქრონიკული.
ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში ბოტკინის გამო შესაძლოა ღვიძლმა ფუნქციონირების უნარი სრულიად მოულოდნელად დაკარგოს და ეს რისკი არსებობს ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ პირებში, ვისაც ღვიძლის ქრონიკული დაავადება აქვთ.
ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hepatitis-a/symptoms-causes/syc-20367007