ქერტლი ხშირი პრობლემაა და ბევრ ადამიანს აწუხებს.
რა არის ქერტლი? ქერტლი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სკალპის კანი აქერცლილია.
ქერტლი არ არის გადამდები და სერიოზული პრობლემა, თუმცა შესაძლოა ადამიანს გარკვეულ დისკომფორტს, უხერხულობას უქმნიდეს. გაითვალისწინეთ, ქერტლის მკურნალობა რთულია.
მსუბუქი ფორმის დროს ეფექტურია ყოველდღიური შამპუნი და თუ ეს მეთოდი შედეგს არ მოგცემთ, რეკომენდებულია სამკურნალო შამპუნით სარგებლობა.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ქერტლი განიხილება როგორც სებორეული დერმატიტის მსუბუქი ფორმა.
სიმპტომები
ქერტლის ნიშნები და სიმპტომებია:
- აქერცლილი კანი სკალპზე, თმაზე, მხრებზე;
- სკალპის ქავილი.
გაითვალისწინეთ, რომ სიმპტომატიკა მწვავდება, როცა სტრესი გაქვთ; ამასთან, სიმპტომები უარესდება სიცივეში.
როდის მივმართოთ ექიმს?
კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში ქერტლი ექიმის კონსულტაციას არ საჭიროებს. თუმცა აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის რეგულარული გამოყენების მიუხედავად.
გამომწვევი მიზეზი
ქერტლის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- გაღიზიანებული, ცხიმიანი კანი;
- დაბანის დროს არ იყენებთ საკმარისი რაოდენობის შამპუნს;
- კანის სიმშრალე;
- თმის მოვლის პროდუქტების მიმართ მგრძნობელობა (კონტაქტური დერმატიტი);
- კანის სხვა დაავადებები, მაგალითად, ფსორიაზი და ეგზემა;
- საფუარასებრი სოკო.
რისკ-ფაქტორები
ქერტლისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ზოგიერთი ფაქტორის გამო რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, ქერტლი გაცილებით ხშირად აქვთ ახალგაზრდა ზრდასრულებს შუახნის ასაკამდე.
როგორც წესი, ქალებთან შედარებით მამაკაცებს უფრო ხშირად უვლინდებათ.
იმ დაავადებების გამო, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ქერტლის რისკი იზრდება.
ასევე გასათვალისწინებელია იმუნიტეტი - ზოგიერთი მედიკოსის აზრით, ქერტლი დასუსტებული იმუნური სისტემის ერთ-ერთი სიმპტომია.
ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში ქერტლს ქრონიკული სახე აქვს და ამ პირებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქერტლის მართვა უწევთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dandruff/symptoms-causes/syc-20353850