რა არის გინეკომასტია?
გინეკომასტია არის მდგომარეობა, როდესაც მამაკაცს მკერდის ქსოვილი ეზრდება - მას იწვევს ჰორმონების (ესტროგენისა და ტესტოსტერონის) დისბალანსი.
შეიძლება გამოიხატოს როგორც ერთი მკერდის, ისე ორივეს ზრდით, ზოგჯერ არათანაბრად.
ზოგადად, გინეკომასტია არ არის სერიოზული პრობლემა, თუმცა მამაკაცებს ამ მდგომარეობასთან შეჩვევა უჭირთ, აქვთ უხერხულობის განცდა. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შეიძლება გრძნობდნენ ტკივილს მკერდის არეში.
მკურნალობა
სავსებით მოსალოდნელია თავისით გაქრეს და თუ მდგომარეობა არ შემსუბუქდა რეკომენდებულია გარკვეული მედიკამენტები ან ქირურგიული ჩარევა.
სიმპტომები
გინეკომასტიის ნიშნები და სიმპტომებია:
- მკერდის ქსოვილის შესიება;
- მომატებული მგრძნობელობა, დაჭიმულობა მკერდის არეში.
გამომწვევი მიზეზი
გინეკომასტიას იწვევს ესტროგენთან შედარებით ტესტოსტერონის დონის შემცირება.
რაოდენობის შემცირების მიზეზი შესაძლოა იყოს მდგომარეობა, რომელიც ბლოკავს ტესტოსტერონის ეფექტს, ამცირებს ამ ჰორმონს და ზრდის ესტროგენის მაჩვენებელს ორგანიზმში.
მოგეხსენებათ, ჰორმონები ტესტოსტერონი და ესტროგენი მართავს, განსაზღვრავს სქესის თავისებურებებს, მახასიათებლებს; ტესტოსტერონი განსაზღვრავს მამაკაცურ მახასიათებლებს (კუნთის მასა, თმიანი სხეული და სხვა), ხოლო ესტროგენი ქალის თავისებურებებს აკონტროლებს, რომელთა შორისაც მკერდის ზრდაც შედის.
ბევრ ადამიანს ესტროგენზე არასწორი წარმოდგენა აქვს და ფიქრობს, რომ ეს ექსკლუზიურად ქალური ჰორმონია, თუმცა სინამდვილეში მას მამაკაცის ორგანიზმიც წარმოქმნის, თუმცა ნორმალურ მდგომარეობაში ძალიან მცირე რაოდენობით. სწორედ ამიტომ თუ სახეზეა ესტროგენის ძალიან მაღალი დოზა ან მისი მაჩვენებელი ტესტოსტერონის დონესთან დისბალანსშია, სავსებით მოსალოდნელია გინეკომასტია ჩამოყალიბდეს.
გინეკომასტია ახალშობილებში
გაითვალისწინეთ, რომ დედის ესტროგენის ეფექტის გამო მამრობითი სქესის ჩვილთა ნახევარზე მეტი გადიდებული მკერდით იბადება და როგორც წესი, მკერდის ქსოვილის შესიება ქრება დაბადებიდან 2 ან 3 კვირის შემდეგ.
გინეკომასტია გარდატეხის ასაკში
გარდატეხის ასაკის დროს ჰორმონული ცვლილებებით გამოწვეული გინეკომასტია ხშირია. ბევრ კლინიკურ შემთხვევაში სქესობრივი მომწიფების პერიოდში განვითარებული გინეკომასტია 6 თვიდან 2 წლის ვადაში მკურნალობის გარეშე ქრება.
გინეკომასტია ზრდასრულებში
გინეკომასტია ხშირია 50-დან 69 წლამდე ასაკის მამაკაცებშიც. სტატისტიკის თანახმად, ამ ასაკის ჯგუფში ყოველი 4 მამაკაციდან ერთს გინეკომასტია აქვს.
აღსანიშნავია, რომ გინეკომასტია შესაძლოა ჩამოყალიბდეს ზოგიერთი მედიკამენტის გამოც. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გინეკომასტია ასევე შესაძლოა განვითარდეს მცენარეული ზეთების (ხის ჩაი ან ლავანდა) გამო, რომელიც შედის შამპუნების, საპნისა თუ ლოსიონის შემადგენლობაში.
გინეკომასტია შესაძლოა ჩამოყალიბდეს შემდეგი დაავადებების თუ მდგომარეობის გამო:
- ჰიპოგონადიზმი;
- სიმსივნე;
- ჰიპერთიროიდიზმი;
- თირკმლის უკმარისობა;
- ღვიძლის უკმარისობა და ციროზი;
- არაჯანსაღი რაციონი (რაციონი, რომელიც არ შედგება საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტებისგან).
გართულებული შემთხვევა
გინეკომასტიას ძალიან ცოტა ფიზიკური გართულება აქვს, მაგრამ მდგომარეობის გამო ხშირია ფსიქოლოგიური ან ემოციური პრობლემები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gynecomastia/symptoms-causes/syc-20351793