ჰემანგიომა

ჰემანგიომა

რა არის ჰემანგიომა?

ჰემანგიომა ზედმეტი სისხლძარღვებისგან შემდგარი კაშკაშა წითელი თანდაყოლილი ლაქა, ნიშანია, რომელიც ჩნდება დაბადებისთანავე ან დაბადებიდან პირველ თუ მეორე კვირაში.

ჰემანგიომა შესაძლოა განვითარდეს სხეულის ნებისმიერ არეში, თუმცა უმეტესად ჩნდება სახეზე, სკალპზე, გულმკერდსა და ზურგზე.

ჩვეულებრივ, ბავშვთა, ჩვილობის ასაკის ჰემანგიომას მკურნალობა არ სჭირდება, რადგან დროთა განმავლობაში თავისით იკურნება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მკურნალობის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ჰემანგიომა აზიანებს სუნთქვის, მხედველობის და სხვა ფუნქციებს.

სიმპტომები

ჰემანგიომა შესაძლოა უკვე ჩამოყალიბებული იყოს დაბადებისას, მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება დაბადებიდან პირველ რამდენიმე თვეში.

ჩვეულებრივ, ბავშვს აქვს მხოლოდ ერთი ნიშანი, ლაქა, თუმცა ზოგიერთ პატარას ერთზე მეტიც აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში წითელი ლაქა სწრაფად იზრდება და გარდაიქმნება ერთგვარ ღრუბლოვან, ელასტიკურ მასად, რომელიც კანიდან ამოწეულია. ფინალურ ფაზაზე ჰემანგიომა თანდათანობით, ნელა უჩინარდება.

ბევრ კლინიკურ შემთხვევაში ლაქა ქრება 5 წლის ასაკში, უმეტესად 10 წლის ასაკისთვის უკვე გამქრალია. მართალია ჰემანგიომა ქრება, თუმცა მის ადგილზე მდებარე კანი შეიძლება იყოს ოდნავ ფერდაკარგული, გაუფერულებული.

როდის მივმართოთ ექიმს?

პედიატრი შეამოწმებს, გააკონტროლებს ბავშვის ჰემანგიომას რუტინული კვლევის (კონსულტაცია) დროს.

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ, რომ ჰემანგიომადან დაიწყო სისხლდენა, ჰემანგიომას აქვს ინფექციის ნიშნები, წარმოიქმნა წყლული.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ ამ მდგომარეობის გამო ირღვევა მხედველობის, სუნთქვის, სმენის, მოშარდვის თუ დეფეკაციის ფუნქციები.

გამომწვევი მიზეზი

ჰემანგიომა შედგება ზედმეტი სისხლძარღვებისგან, რომელიც მასიურ ჯგუფად იკვრება. სისხლძარღვების შეწებების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ჰემანგიომა გაცილებით ხშირად აქვთ გოგონებს და ნაადრევად დაბადებულ პატარებს.

გართულებული შემთხვევა

იშვიათად, მაგრამ ჰემანგიომა შესაძლოა გამწვავდეს და წყლული განვითარდეს - აღნიშნული მდგომარეობა იწვევს ტკივილს, სისხლდენას, ნაწიბურებს ან ინფექციას.

ჰემანგიომის ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაძლოა ზიანი მიადგეს პატარას მხედველობას, სმენას ან სუნთქვას, თუმცა ეს ძალიან იშვიათია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hemangioma/symptoms-causes/syc-20352334