რა არის მიკროსკოპული კოლიტი?
მიკროსკოპული კოლიტი არის მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ხანგრძლივ, თხიერ დიარეას.
დაავადების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია მიკროსკოპული კვლევა და პათოლოგიაც სახელს სწორედ ამ ფაქტის გამო ატარებს. კლინიკურ შემთხვევათა დიდ ნაწილში მიკროსკოპული კოლიტი ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობის კურსს.
ერთმანეთისგან განასხვავებენ მიკროსკოპული კოლიტის რამდენიმე ქვეტიპს და კერძოდ:
- კოლაგენური კოლიტი;
- ლიმფოციტური კოლიტი;
- არასპეციფიკური მიკროსკოპული კოლიტი.
მეცნიერთა აზრით, კოლაგენური კოლიტი და ლიმფოციტური კოლიტი შესაძლოა ერთი მდგომარეობის სხვადასხვა ფაზა იყოს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სიმპტომები და მკურნალობა ყველა ქვეტიპისთვის ერთნაირია.
სიმპტომები
მიკროსკოპული კოლიტის ნიშნები და სიმპტომებია:
- ქრონიკული თხიერი (წყლიანი) დიარეა;
- ტკივილი, კრუნჩხვა მუცლის არეში ან მუცლის შებერილობა;
- წონის კლება;
- გულისრევა;
- დეჰიდრატაცია (გაუწყლოება);
- განავლის შეუკავებლობა.
მიკროსკოპული კოლიტის სიმპტომები შესაძლოა ხშირად გამოვლინდეს და ალაგდეს. ზოგჯერ სიმპტომები თავისით ქრება.
როდის მივმართოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს თუ თხიერი დიარეა გაქვთ რამდენიმე დღის განმავლობაში.
გამომწვევი მიზეზი
უცნობია თუ რა იწვევს მსხვილი ნაწლავის იმ ანთებას, რომელიც ვლინდება მიკროსკოპული კოლიტის დროს.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- ბაქტერია;
- ვირუსი;
- აუტოიმუნური სისტემის დაავადებები.
ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, გარკვეული ტიპის მედიკამენტი მნიშვნელოვნად ზრდის მიკროსკოპული კოლიტის განვითარების რისკს, თუმცა ამ მოსაზრებას ყველა მკვლევარი არ იზიარებს.
რისკ-ფაქტორებია:
- ასაკი (დაავადება ხშირად ვლინდება 50-დან 70 წლამდე ასაკის პაციენტებში);
- მამაკაცებთან შედარებით ქალებს უფრო ხშირად აქვთ მიკროსკოპული კოლიტის დიაგნოზი;
- საყურადღებოა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ოჯახური ანამნეზი;
- იკვეთება გარკვეული კავშირი მიკროსკოპულ კოლიტსა და თამბაქოს მოხმარებას შორის;
- მიკროსკოპული კოლიტის მქონე პირს ზოგჯერ ასევე აღენიშნება აუტოიმუნური დარღვევა, მაგალითად, ცელიაკიის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, რევმატოიდული ართრიტი, დიაბეტი ტიპი 1 ან ფსორიაზი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/microscopic-colitis/symptoms-causes/syc-20351478