რა არის ყივანახველა?
ყივანახველა არის რესპირატორული ტრაქტის ძალიან გადამდები ინფექცია. ვაქცინის შექმნამდე ყივანახველა ცნობილი იყო როგორც ბავშვთა დაავადება. ახლა ინფექცია ვითარდება ბავშვებში, რომლებსაც არ დაუსრულებიათ ვაქცინაციის სრული კურსი - დაავადება ასევე ფიქსირდება სუსტი იმუნიტეტის მქონე თინეიჯერებსა და ზრდასრულებში.
ყივანახველით გამოწვეული სიკვდილი იშვიათია, თუმცა ფატალური შემთხვევები გვხვდება ჩვილებში. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორსულმა ან სხვა პირმა, ვისაც ახლო კონტაქტი აქვს ახალშობილთან, ყივანახველის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტაროს.
სიმპტომები
სიმპტომები ინფიცირებიდან 7-10 დღეში ჩნდება, შეიძლება ნიშნები უფრო გვიან დაფიქსირდეს.
თავდაპირველად მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ნიშნები გაციების მსგავსია, მაგალითად:
- სურდო;
- ცხვირის დაგუბება;
- წითელი, ცრემლიანი თვალები;
- სიცხე;
- ხველა.
1 ან 2 კვირის შემდეგ ნიშნები და სიმპტომები მწვავდება. პაციენტის სასუნთქ გზებში სქელი ლორწო გროვდება და უკონტროლო ხველას იწვევს.
მწვავე და ხანგრძლივი ხველითი შეტევის გამო შესაძლოა განვითარდეს:
- ღებინება;
- სახის გაწითლება ან გალურჯება;
- ძლიერი დაღლილობა.
გაითვალისწინეთ, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს ყივანახველასთვის დამახასიათებელი ხველა. ზოგჯერ ყივანახველას ერთადერთი სიმპტომი ხანგრძლივი ხველაა. სავსებით შესაძლებელია ახალშობილებში ინფექცია ხველებით არ გამოიხატოს, მაგრამ ჩვილს უჭირდეს სუნთქვა ან პატარამ დროებით შეწყვიტოს და შემდეგ კვლავ განაგრძოს სუნთქვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
დაუკავშირდით ექიმს, თუ ხანგრძლივი ხველა იწვევს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა:
- ღებინება;
- კანის ფერის გალურჯება ან გაწითლება;
- გიჭირთ სუნთქვა ან გაქვთ შესამჩნევი პაუზები სუნთქვის დროს;
- ჩასუნთქვისას გაქვთ ყივანახველასთვის დამახასიათებელი ხმა.
გამომწვევი მიზეზი
ინფექციის გამომწვევია ბაქტერია სახელწოდებით Bordetella Pertussis.
როცა ინფიცირებული პაციენტი ახველებს ან აცემინებს, ჰაერში პაწაწინა წვეთები ვრცელდება და თუ ჩასუნთქვისას რომელიმე ახლოს მყოფი ადამიანის ფილტვებში აღმოჩნდება, ეს პირიც დაინფიცირდება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/whooping-cough/symptoms-causes/syc-20378973