რას ნიშნავს გულის უეცარი გაჩერება?
ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც უეცრად, სრულიად მოულოდნელად ვლინდება გულის ფუნქციის, სუნთქვისა და გონების/ცნობიერების დაკარგვა, დაქვეითება.
ძირითადად, გულის უეცარი გაჩერება გულში ელექტრული პროცესების დარღვევის შედეგია.
ცნობისათვის, გულის უეცარი გაჩერება განსხვავდება გულის შეტევისგან (ინფარქტი). თუმცა გულის შეტევამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შესაძლოა ხელი შეუწყოს ნორმალური ელექტრული პროცესის დარღვევას, რაც საბოლოოდ გულის უეცარი გაჩერებით სრულდება.
პათოლოგია სიცოცხლისთვის საშიშია და აუცილებელია სასწრაფო გადაუდებელი დახმარება - წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტი დაიღუპოს. სწრაფი, დროული და ადეკვატური მკურნალობით, გადარჩენის შანსი არსებობს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟის მოსვლამდე გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებით პაციენტის გადარჩენის შანსი მეტად იზრდება.
სიმპტომები
გულის უეცარი გაჩერების დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- უეცარი კოლაფსი;
- პაციენტს არ აქვს პულსი;
- პაციენტი არ სუნთქავს (სუნთქვის გაჩერება);
- გონების, ცნობიერების დაკარგვა.
როგორც წესი, კლინიკურ შემთხვევათა დიდ ნაწილში გულის უეცარი გაჩერება სრულიად მოულოდნელად ვითარდება და ორგანიზმში ერთგვარ გამაფრთხილებელ ნიშანს არ ავლენს.
თუმცა ზოგჯერ გულის უეცარ გაჩერებამდე გარკვეული სიმპტომები ვლინდება და ეს ნიშნებია:
- დისკომფორტი გულმკერდის არეში;
- სუნთქვის უკმარისობა;
- სისუსტე;
- აჩქარებული გულისცემა.
გამომწვევი მიზეზი
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, არითმია გულის ელექტრული სისტემის პრობლემის შედეგია და რაც ჩვეულებრივ, გულის უეცარ გაჩერებას იწვევს.
გულის ელექტრული სისტემა გულისცემის რიტმსა და სიხშირეს აკონტროლებს. თუ რაიმე მწყობრიდან გამოდის, თქვენი გულისცემა ჩქარდება ან ნელდება, ანუ ხდება არარეგულარული (არითმია).
ხშირად არითმია უვნებელია, მაგრამ ზოგჯერ ისეთ საშიშ გართულებად გადაიქცევა როგორიცაა გულის უეცარი გაჩერება.
გულის უეცარი გაჩერება შესაძლოა გამოვლინდეს ისეთ ორგანიზმშიც, სადაც გულის დაავადება არ ფიქსირდება. თუმცა არითმია, როგორც წესი, უვითარდება იმ ადამიანს, რომელსაც აქვს გულის დაავადება.
წარმოგიდგენთ გულის პათოლოგიებს, რომელმაც შესაძლოა გულის უეცარი გაჩერების განვითარებას შეუწყოს ხელი:
- კორონარული არტერიების დაავადება;
- გულის შეტევა (ინფარქტი);
- კარდიომიოპათია;
- გულის სარქვლოვანი დაავადება;
- გულის თანდაყოლილი დაავადება;
- გულის ელექტრული პრობლემები.
ასევე რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება: ოჯახური ანამნეზი, თამბაქო, მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტერინი, სიმსუქნე, დიაბეტი, არააქტიური ცხოვრების წესი, ორგანიზმში საკვები ნივთიერებების დისბალანსი, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ძილის ობსტრუქციული აპნოე და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/sudden-cardiac-arrest/symptoms-causes/syc-20350634