თავის ტკივილი, რომელიც ღამით გაღვიძებთ

თავის ტკივილი, რომელიც ღამით გაღვიძებთ

რატომ გვტკივა თავი?

ეს დისკომფორტი თითქმის ყველა ადამიანისთვის ნაცნობია.

ამჯერად კლასტერული თავის ტკივილის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც თავის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფორმაა და ციკლური, ჯგუფური გამოვლინებით ხასიათდება.

ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ როგორც წესი, ადამიანს შუაღამითაც კი ეღვიძება.

პაციენტი ამ დროს გრძნობს მწვავე ტკივილს თვალის არეში ან თვალის გარშემო, ტკივილი ფიქსირდება თავის ერთ მხარეს.

შეტევა, რომელიც კლასტერული პერიოდის სახელწოდებითაა ცნობილი, შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან თვემდე. ჩვეულებრივ, შეტევას მოსდევს რემისიის პერიოდი. რემისიის დროს თავის ტკივილი უკვალოდ ქრება რამდენიმე თვით და ზოგჯერ წლითაც.

საბედნიეროდ, კლასტერული თავის ტკივილი იშვიათი ფორმაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის საშიშ პათოლოგიას არ განეკუთვნება. ტკივილი მკურნალობის კურსს ექვემდებარება და მკურნალობის მეშვეობით, შეტევა ხანმოკლე და ნაკლებად მწვავეა.

სიმპტომები

კლასტერული თავის ტკივილი ვლინდება სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი გამაფრთხილებელი სიმპტომის გარეშე. თუმცა შესაძლოა თავიდან გქონდეთ შაკიკისთვის დამახასიათებელი გულისრევა და აურა.

თავის ტკივილის დროს ხშირად ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • მტანჯველი, ძლიერი ტკივილი ერთი თვალის გარშემო ან უკან. ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს სახის სხვა არეში, კისერზე;
  • ტკივილი ერთ მხარეს;
  • მოუსვენრობა;
  • ჭარბი ცრემლდენა;
  • მტკივნეულ მხარეზე მდებარე თვალის სიწითლე;
  • ცხვირის ღრუს დაცობა ან გამონადენი;
  • ოფლი შუბლზე ან სახეზე;
  • ფერმკრთალი კანი;
  • მტკივნეულ მხარეს ქუთუთოს მოდუნება;
  • დაზიანებულ მხარეს მდებარე თვალის შეშუპება.

გამომწვევი მიზეზი

კლასტერული თავის ტკივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, ჰიპოთალამუსის პათოლოგია გარკვეულ როლს თამაშობს.

შაკიკისგან და დაძაბვის თავის ტკივილისგან განსხვავებით კლასტერული თავის ტკივილს კავშირი არ აქვს კვების რაციონთან, ჰორმონულ ცვლილებასთან თუ სტრესთან.

კლასტერული პერიოდის დადგომისას, ალკოჰოლი აჩქარებს და ამწვავებს ტკივილს და სწორედ ამიტომ პაციენტები ამ პერიოდში ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან თავს იკავებენ.

რისკ-ფაქტორები

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • სქესი (მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ კლასტერული თავის ტკივილი);
  • ასაკი (პათოლოგია ხშირია 20-დან 50 წლამდე ასაკის პირებში);
  • თამბაქო;
  • ალკოჰოლი;
  • ოჯახური ანამნეზი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cluster-headache/symptoms-causes/syc-20352080