სელის თესლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა?
სელის თესლი შეიცავს სასარგებლო ცხიმს, ანტიოქსიდანტსა და საკვებ ბოჭკოს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სელის თესლთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციას მეცნიერები არ ადასტურებენ და ასევე შესაძლოა ამა თუ იმ საკითხზე საკმარისი მეცნიერული კვლევა არ ჩატარებულა. სტატიაში გაეცნობით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რას ფიქრობენ მკვლევარები სელის თესლზე.
შესაძლო სასარგებლო თვისებები
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სელის თესლი შეიცავს ზოგიერთ საკვებ ნივთიერებას, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლოდ ითვლება.
სხვა მცენარეული საკვების მსგავსად სელის თესლიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი, ხოლო ანტიოქსიდანტი ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.
სელის თესლი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას და მეცნიერთა ვარაუდით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა შესაძლოა სხვადასხვა ტიპის სიმსივნური უჯრედის ზრდას უშლიდეს ხელს.
ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით, ადამიანმა გულის ჯანმრთელობისთვის, საკვები ბოჭკოთი და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარი პროდუქტები უნდა მიირთვას. აღსანიშნავია, რომ სელის თესლი ყველა ამ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს.
ართრიტის ფონდის ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია სელის თესლმა შეამციროს სახსრების ტკივილი.
2007 წელს მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც მითითებული იყო, რომ მენოპაუზის დროს სელის თესლი შესაძლოა მნიშვნელოვნად ამცირებდეს კლიმაქსისთვის დამახასიათებელ ისეთ დისკომფორტს როგორიცაა ალები. თუმცა 2012 წელს ამ მეცნიერთა ჯგუფმა დამატებითი კვლევა აწარმოა და სამწუხაროდ, კვლევის ავტორებმა განაცხადეს, რომ სელის თესლი მნიშვნელოვან განსხვავებას არ გვაძლევს.
ორგანიზაცია National Center for Complementary and Integrative Health-ის წარმომადგენელთა განცხადებით, არსებობს მცირე საფუძველი, მტკიცებულება იმისა, რომ სელის თესლით შესაძლოა შემცირდეს ყაბზობა, ანუ შეკრულობა. თუმცა დასძენენ, რომ როცა ადამიანი მოიხმარს სელის თესლს და ძალიან ცოტა წყალს იღებს, აუარესებს შეკრულობის მდგომარეობას და უფრო მეტიც სერიოზულად ვნებს კუჭ-ნაწლავს.
გაითვალისწინეთ, რომ ჭარბი დოზით სელის თესლი ან სელის ზეთი დიარეას იწვევს.
რისკი
სელის თესლში შემავალი საკვები ნივთიერებები ყველა ადამიანისთვის სასარგებლო არაა.
სელის თესლის პროდუქციას უნდა მოერიდოთ ან მიიღოთ მხოლოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციით შემდეგი მდგომარეობის დროს:
- დანიშნული გაქვთ მედიკამენტი (მაგალითად, სისხლის გამათხელებელი, ანთების საწინააღმდეგო წამალი, ქოლესტერინის დონის დამწევი წამალი და სხვა);
- ორსულად ბრძანდებით;
- ჩვილს ძუძუთი კვებავთ;
- სელის თესლზე ალერგია გაქვთ.
რეკომენდაცია
თუ მიირთმევთ სელის თესლს გაითვალისწინეთ რამდენიმე რეკომენდაცია:
- მოერიდეთ სელის თესლის უმად მიღებას;
- თუ სელის თესლს მიირთმევთ, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების პრევენციისთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობით სითხე მიიღოთ;
- შეიძინეთ სელის ზეთი მხოლოდ პატარა მუქი ფერის ბოთლით და შეინახეთ მაცივარში (განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტზე მითითებულ ვადას);
- არ გამოიყენოთ სელის თესლი საჭმლის მომზადებისას და ზეთი მხოლოდ უკვე მომზადებულ კერძს მოასხით. როცა მომზადებულ კერძს ზეთს ზემოდან მოასხამთ, ხელახლა აღარ გააცხელოთ!
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/263405