რა არის ქრონიკული სინუსიტი?
ქრონიკული სინუსიტი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ცხვირის ღრუში მდებარე სინუსები შესიებული და ანთებითია 3 ან მეტი თვის განმავლობაში, მკურნალობის მიუხედავად!
სინუსიტი გავრცელებული პრობლემაა, რომლის დროსაც ხელი ეშლება ღრუში ლორწოს ნორმალურ, თავისუფალ დინებას, რისი შედეგიც ცხვირის დახშობაა.
ქრონიკული სინუსიტის გამო პაციენტს უჭირს ცხვირით სუნთქვა, თვალის გარშემო უჩივის დაჭიმულობასა და შეშუპებას.
სინუსიტი ვლინდება როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში.
სიმპტომები
ქრონიკული სინუსიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- ცხვირის ანთება;
- სქელი, უფერული გამონადენი ცხვირიდან;
- ცხვირის დახშობის გამო გართულებულია ცხვირით სუნთქვა;
- ტკივილი, შესიება და დაჭიმულობა თვალის, ლოყის, ცხვირის ან შუბლის გარშემო;
- დაქვეითებულია სუნის ან გემოს შეგრძნება.
ქრონიკული სინუსიტის სხვა სიმპტომებია:
- ყურის ტკივილი;
- ზედა ყბისა და კბილების ტკივილი;
- ხველა;
- ყელის ტკივილი;
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
- დაღლილობა.
რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ქრონიკული სინუსიტი და მწვავე სინუსიტი?
აღსანიშნავია, რომ ორივე პათოლოგია ერთნაირი სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა მწვავე სინუსიტის დროს ინფექცია დროებით ვლინდება და ხშირად გაციებითაა გამოწვეული.
ამის ფონზე ქრონიკული სინუსიტი 12 კვირაც კი გრძელდება. ამასთან, ქრონიკული სინუსიტის დროს არ ფიქსირდება ტემპერატურა, ხოლო მწვავე სინუსიტის დროს პაციენტს ხშირად აქვს სიცხე.
როდის მივმართოთ ექიმს?
ექიმთან კონსულტაციის გავლას გირჩევთ თუ ვლინდება შემდეგი:
- სინუსიტი რამდენჯერმე გქონდათ და მდგომარეობა მკურნალობის კურსს არ ექვემდებარება;
- სინუსიტის სიმპტომები არ ალაგდა 10 დღეზე მეტია.
სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები გაცილებით სერიოზულ ინფექციაზე მიანიშნებს და ეს საყურადღებო ნიშნებია:
- სიცხე;
- შეშუპება ან სიწითლე თვალის გარშემო;
- ძლიერი თავის ტკივილი;
- შეშუპება შუბლის არეში;
- დაბნეულობა;
- ბუნდოვანი მხედველობა ან მხედველობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები;
- კისრის გაშეშება.
გამომწვევი მიზეზები
ქრონიკული სინუსიტის ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
- ცხვირის პოლიპები;
- ცხვირის ძგიდის გამრუდება;
- კისტური ფიბროზის გართულება;
- იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები;
- სასუნთქი გზების ინფექციები;
- ალერგია.
გართულებული მდგომარეობა
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ქრონიკული სინუსიტი იშვიათად იწვევს სერიოზულ გართულებებს, მაგრამ თუ გამწვავდა ვლინდება ისეთი პათოლოგიებით როგორიცაა: მხედველობის სხვადასხვა სახის პრობლემა და ინფექცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chronic-sinusitis/symptoms-causes/syc-20351661