გლაუკომა - ყველაფერი, რაც თვალის დაავადებაზე უნდა იცოდეთ

გლაუკომა - ყველაფერი, რაც თვალის დაავადებაზე უნდა იცოდეთ

რა არის გლაუკომა?

გლაუკომა არის დაავადებათა სიმპტომოკომპლექსი, რომელიც ოპტიკურ ნერვს აზიანებს. ამ დაზიანების ხშირი მიზეზი თვალში პათოლოგიურად მაღალი წნევაა.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში გლაუკომა უსინათლობის მთავარი გამომწვევი მიზეზია.

რასაკვირველია, თვალის დაავადებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა გლაუკომა უფრო ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში ვლინდება.

გლაუკომის ბევრი ფორმა უსიმპტომოდ მიმდინარეობს; პათოლოგია დროთა განმავლობაში იმდენად ჩუმად და ვერაგულად ყალიბდება, ადამიანი ვერც კი აცნობიერებს და სამწუხაროდ, სიმპტომს მხოლოდ მაშინღა აკვირდება, როცა გლაუკომა უკვე პროგრესირებად სტადიაზეა.

აღსანიშნავია, რომ გლაუკომა მხედველობას იმდენად ვნებს, მდგომარეობის გამოსწორება ხშირად შეუძლებელია - სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ოფთალმოლოგთან პროფილაქტიკის მიზნით, რეგულარულად მიმართვა.

ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შემთხვევაში მხედველობის დაქვეითების რისკის შემცირება ან სრული პრევენციაა შესაძლებელი.

სიმპტომები

გლაუკომის ნიშნები და სიმპტომები მრავალფეროვანია, სიმპტომატიკა დამოკიდებულია მდგომარეობის ტიპსა და სტადიაზე.

ღიაკუთხოვანი გლაუკომა ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • პერიფერიული ან ცენტრალური მხედველობის დაკარგვა (როგორც წესი, ორივე თვალში);
  • პროგრესირებად სტადიაზე გვირაბის მხედველობა.

დახურულკუთხოვანი გლაუკომა ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • თვალის ტკივილი;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • სინათლის გარშემო რგოლები;
  • თვალის სიწითლე.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, არანამკურნალევ შემთხვევაში გლაუკომა უსინათლობას იწვევს. მკურნალობის შემთხვევაშიც კი, გლაუკომით დაავადებული ადამიანების 15%-ს ერთ თვალში 20 წლის განმავლობაში მხედველობა უქვეითდება ან კარგავს.

გამომწვევი მიზეზი

გლაუკომა ოპტიკური ნერვის დაზიანების შედეგია.

რისკ-ფაქტორებია:

  • შიდა თვალის წნევა;
  • ასაკი (60 წელი და მეტი);
  • ოჯახური ანამნეზი;
  • ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი;
  • თხელი რქოვანა;
  • ახლომხედველობა ან შორსმხედველობა და სხვა.

გლაუკომის ტიპები

ერთმანეთისგან განასხვავებენ რამდენიმე ფორმის გლაუკომას, კერძოდ:

  • ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
  • ნორმალურწნევიანი გლაუკომა;
  • პიგმენტური გლაუკომა;
  • გლაუკომა ბავშვებში.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/glaucoma/symptoms-causes/syc-20372839