ჩიყვის სიმპტომები

ჩიყვის სიმპტომები

რა არის ჩიყვი?

ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ზომაში პათოლოგიური ზრდაა.

ჩიყვი შესაძლოა განვითარდეს იოდდეფიციტის გამო, რაც ხშირად ფიქსირდება იოდდეფიციტის ენდემურ ზონებში. ამასთან, ფარისებრი ჯირკვალი ზომაში შესაძლოა გადიდდეს ავტოიმუნური დაზიანების გამოც.

კვანძოვანი ჩიყვი

კვანძოვანი ჩიყვი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის გარკვეულ უბნებში მისი კვანძოვანი დაზიანებაა გამოხატული.

რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პირები, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მიმართ გენეტიკური განწყობა აქვთ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ იოდდეფიციტის ენდემურ ზონაში. რისკი ასევე მაღალია იმ ადამიანებშიც, ვისაც სხვა სახის ჰორმონული დარღვევა აქვთ.

დიაგნოსტირება

რაც შეეხება დიაგნოსტირებას - ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია წარმოადგენს კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეთოდს.

საეჭვო კვანძის დიაგნოსტირების შემდეგი ეტაპი კი წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსიაა.

როგორც წესი, ინიშნება ჰორმონული კვლევა, კერძოდ, სისხლის ანალიზით ხდება ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობის განსაზღვრა.

მკურნალობა

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია ჩიყვის ზომაზე, სიმპტომებსა და გამომწვევ მიზეზზე. პატარა ზომის, შეუმჩნეველი ჩიყვი, რომელიც არ იწვევს პრობლემებს, მკურნალობას არ საჭიროებს.

სიმპტომები

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჩიყვი ზოგჯერ არ ვლინდება სიმპტომურად, თუმცა თუ ვლინდება, ფიქსირდება შემდეგი ნიშნები:

  • ყელის ფუძეში შესამჩნევი შესიება, რომელიც ვიზუალურად კარგად ჩანს გაპარსვის ან მაკიაჟის გაკეთებისას;
  • დაჭიმულობის, სიმკვრივის შეგრძნება ყელის არეში;
  • ხველა;
  • ხმის ჩახლეჩა, ხრინწინი;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სუნთქვის გაძნელება.

გამომწვევი მიზეზები

მედიკოსები განმარტავენ, რომ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ხელს უწყობს გარკვეული ფაქტორები.

ყველაზე ხშირად გამომწვევი მიზეზია შემდეგი:

  • იოდის დეფიციტი;
  • გრეივის დაავადება;
  • ჰაშიმოტოს დაავადება;
  • მრავალკვანძოვანი ჩიყვი;
  • ცალკეული ფარისებრი ჯირკვლის კვანძები;
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბო;
  • ორსულობა;
  • ანთება.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ჩიყვი გავრცელებულია 40 წელს გადაცილებულ პირებში და მამაკაცებთან შედარებით ქალბატონები უფრო ხშირად ავადობენ.

საყურადღებოა ავტოიმუნური დაავადების როგორც პირადი, ისე ოჯახური ანამნეზი - ავტოიმუნური დაავადებები ჩიყვის ჩამოყალიბების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

 

წყარო:          

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/goiter/symptoms-causes/syc-20351829