პნევმონია - რა სიმპტომები ახასიათებს და რა იწვევს ფილტვების ანთებას?

პნევმონია - რა სიმპტომები ახასიათებს და რა იწვევს ფილტვების ანთებას?

რა არის ფილტვების ანთება?

ფილტვების ანთებას სამედიცინო ენაზე პნევმონია ეწოდება. პნევმონია წარმოადგენს ალვეოლისა და ტერმინალური სასუნთქი გზების ანთებას.

პნევმონიას იწვევს არაერთი მიკროორგანიზმი, მათ შორის ბაქტერია, ვირუსი და სოკო.

ფილტვების ანთება საყურადღებო პათოლოგიაა და ექიმთან დაგვიანებით მიმართვის ან თვითმკურნალობის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ჯანმრთელობის გაუარესების რისკი (გულის, სუნთქვის, თირკმლის, ღვიძლის უკმარისობა, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი და სხვა).

პნევმონიით შესაძლოა დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ რისკ-ჯგუფს შეადგენენ 2 წლამდე ასაკის პატარები და 65 წელს გადაცილებული პირები.

ფილტვების ანთების განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან მწეველები, დაქვეითებული იმუნიტეტის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. პნევმონია რთულად გადააქვთ იმ პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადების გამო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმყოფებიან მწოლიარე რეჟიმში - პნევმონიის მაღალი რისკის გამო საყურადღებოა იმ პირთა მდგომარეობაც, რომლებიც კლინიკაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ.

სიმპტომები

პნევმონიის ნიშნები და სიმპტომები მრავალფეროვანია და შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე ფორმით - გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ის თუ რომელი ბაქტერია იწვევს ინფექციას.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მსუბუქ ფორმაში პნევმონია ვლინდება ტიპიური გაციებისა თუ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, თუმცა ფილტვების ანთების დროს ეს ნიშნები უფრო დიდხანს გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ახალშობილებსა და ჩვილებში შესაძლოა არ გამოვლინდეს ინფექციის სიმპტომები და ამ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება გამოხატული იყოს ღებინება, ტემპერატურა და სიცხე, აგრეთვე კვებისა თუ სუნთქვის გაძნელება, მოუსვენრობა, დაღლილობა, უენერგიობა.

პნევმონიის სიმპტომებია:

  • სუნთქვის ან ხველების დროს ტკივილი გულმკერდის არეში;
  • დაბნეულობა ან მენტალური ცვლილებები (65 წლის ან მეტი ასაკის პირებში);
  • ხველა, რომელმაც შესაძლოა ნახველი გამოიწვიოს;
  • დაღლილობა;
  • სიცხე, ოფლიანობა და ციებ-ცხელების კანკალი;
  • ნორმალურთან შედარებით სხეულის დაბალი ტემპერატურა (ეს სიმპტომი ხშირია 65 წელს გადაცილებულ პირებსა და იმ ადამიანებში, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ);
  • გულისრევა, ღებინება ან დიარეა;
  • სუნთქვის უკმარისობა.

 

წყარო:    

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pneumonia/symptoms-causes/syc-20354204