აორტის სარქვლის სტენოზი

აორტის სარქვლის სტენოზი

რა არის აორტის სარქვლის სტენოზი?

აორტის სარქვლის სტენოზი (აორტის სტენოზი) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც აორტის სარქველი ვიწროვდება. შევიწროების გამო სარქველი სათანადოდ, სრულად ვერ იშლება/იხსნება, შესაბამისად, მცირდება ან იხშობა გულიდან აორტაში მიმავალი სისხლის ნაკადი.

შევიწროებული სარქვლის გამო გულს მეტი დატვირთვით მუშაობა უწევს იმისთვის, რომ სისხლი ორგანიზმში გადატუმბოს. მოგეხსენებათ, ზედმეტი დატვირთვა გულისთვის დიდი წნეხია - სუსტდება გულის კუნთი, ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლით ვეღარ მარაგდება.

მკურნალობის კურსი მდგომარეობის სიმწვავეზეა დამოკიდებული. შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა სარქვლის ჩანაცვლების ან აღდგენის მიზნით.

არანამკურნალებელ შემთხვევაში აორტის სარქვლის სტენოზმა სავსებით შესაძლებელია გულის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს!

სიმპტომები

აორტის სარქვლის სტენოზი შესაძლოა იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პათოლოგია ბევრი წლის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

როგორც წესი, ვლინდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:

  • გულის პათოლოგიური შუილი;
  • ტკივილი გულმკერდის არეში ან დაჭიმულობა აქტივობის დროს;
  • ფიზიკური დატვირთვის დროს თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • დაღლილობა;
  • სწრაფი, თრთოლვითი გულისცემა;
  • პაციენტი ვერ მიირთმევს საკმარისი რაოდენობით (ბავშვებში);
  • პაციენტი რეკომენდებული დოზით წონას ვერ იმატებს (ბავშვებში).

გამომწვევი მიზეზი

აორტის სარქვლის სტენოზი შესაძლოა განვითარდეს არაერთი მიზეზით.

 

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • გულის თანდაყოლილი დეფექტი;
  • კალციუმის დაგროვება სარქველზე;
  • რევმატიული ცხელება.

რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:

  • ხანდაზმულობა;
  • გულის თანდაყოლილი პათოლოგიები;
  • ისეთი გადატანილი ინფექცია, რომელიც ვნებს გულს;
  • დიაბეტი;
  • მაღალი ქოლესტერინი;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადება.

გართულებული შემთხვევა

აორტის სარქვლის სტენოზი იწვევს ისეთ გართულებებს როგორიცაა:

  • გულის უკმარისობა;
  • ინსულტი;
  • სისხლის კოლტი;
  • სისხლდენა;
  • არითმია;
  • ენდოკარდიტი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/aortic-stenosis/symptoms-causes/syc-20353139