რა იწვევს კისრის ტკივილს?

რა იწვევს კისრის ტკივილს?

კისრის ტკივილი გავრცელებული ჩივილია.

კისრის კუნთები შესაძლოა დაიჭიმოს ცუდი პოზით ან მკვეთრი მოძრაობით. ოსტეოართრიტის გამო ხშირად ვლინდება ტკივილი კისრის არეში. იშვიათ შემთხვევაში კისრის ტკივილი სერიოზული დაავადების სიმპტომია.

სიმპტომები

კისრის ტკივილის დროს ვლინდება:

  • ტკივილი, რომელიც მწვავდება თავის ხანგრძლივი დროით ერთ პოზაში ყოფნის დროს;
  • კუნთის დაჭიმულობა და სპაზმი;
  • თავის მოძრაობის დაქვეითებული უნარი;
  • თავის ტკივილი.

როდის მივმართოთ ექიმს?

უმეტესად კისრის ტკივილი სახლის პირობებში მკურნალობით ლაგდება, თუმცა მაშინვე უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ტკივილის მიზეზი დაზიანება, ტრავმაა, მაგალითად, ავარიით ან დაცემით გამოწვეული.

ექიმთან კონსულტაციის გავლას გირჩევთ თუ შენიშნეთ, რომ კისრის ტკივილი არის:

  • მწვავე;
  • რამდენიმე დღის განმავლობაში გტკივათ;
  • ტკივილი ვრცელდება მკლავებსა და ფეხებზეც;
  • ტკივილს თან ერთვის თავის ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე ან ჩხვლეტა.

გამომწვევი მიზეზი

ყველაზე ხშირად კისრის ტკივილს იწვევს:

  • კუნთის დაჭიმულობა;
  • სახსრების გაცვეთა;
  • ნერვის კომპრესია;
  • ტრავმა;
  • ზოგიერთი დაავადება.

დიაგნოსტირება

კისრის  ტკივილის  გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებისთვის ექიმმა შესაძლოა დანიშნოს შემდეგი კვლევები:

  • კისრის რენტგენი;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ზოგჯერ საჭირო ხდება სისხლის ანალიზი, რომლის საფუძველზეც დგინდება კისრის ტკივილი გამოწვეულია თუ არა ანთებით ან ინფექციით.

პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს ელექტრომიოგრაფია. ეს არის კვლევა, რომლითაც დგინდება სათანადოდ ფუნქციონირებს თუ არა სპეციფიკური ნერვები.

მკურნალობა

როგორც უკვე მოგახსენეთ, მსუბუქი და საშუალო სიმწვავის კისრის ტკივილი უმეტესად, თვითმკურნალობის შედეგად, 2-3 კვირაში ქრება.

თუ კისრის ტკივილი მწვავე და მუდმივია, შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზე, ინიშნება მედიკამენტური თერაპია.

ეფექტურია ფიზიკური თერაპიაც და საჭიროებისამებრ (მხოლოდ მცირე დროით) კისრის რბილი საყელო.

ზოგჯერ შეიძლება დაინიშნოს სტეროიდული ინექცია. ძალიან იშვიათად, მაგრამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/neck-pain/symptoms-causes/syc-20375581