უნებლიე შარდვა ძილში - როგორ დავეხმაროთ პატარას?

უნებლიე შარდვა ძილში - როგორ დავეხმაროთ პატარას?

ღამის უნებლიე შარდვას, შარდის შეუკავებლობას სამედიცინო ენაზე ენურეზი ეწოდება.

დილით დასველებულ ზეწარს ხედავთ? არ ინერვიულოთ, მსგავსი სცენა ბევრი ოჯახისთვის ნაცნობია - დიახ, ხშირ შემთხვევაში ბავშვის განვითარების ეტაპის ნორმალური ნაწილია.

7 წლამდე ასაკის პატარა ადამიანებში ღამის უნებლიე შარდვა საშიში არ არის!

სიმპტომები

როგორც წესი, ბავშვების დიდ ნაწილში 5 წლის ასაკში ენურეზი ქრება, თუმცა შარდის ბუშტის სრულყოფილი კონტროლის ჩამოყალიბების ზუსტი ასაკი უცნობია, ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია!

ზოგიერთ შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე ასაკში ღამის უნებლიე შარდვა კვლავ ფიქსირდება, ხოლო 7 წლის ასაკის შემდეგ მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება.

როდის მივმართოთ ექიმს?

რეკომენდებულია მიმართოთ პედიატრს თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • პატარა 7 წელს გადაცილებულია და ძილში კვლავ უნებლიედ შარდავს;
  • გადაჩვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ისევ გამოვლინდა უნებლიე შარდვა;
  • ძილში უნებლიე შარდვასთან ერთად ბავშვი უჩივის ტკივილს მოშარდვის დროს, აქვს უჩვეულო წყურვილის გრძნობა, შარდის ფერი ვარდისფერი ან წითელია, ხვრინავს, განავალი მყარი/გამაგრებულია.

გამომწვევი მიზეზები

ღამის უნებლიე შარდვის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერები შესაძლო გამომწვევ მიზეზებს ასახელებენ, კერძოდ:

  • პატარა შარდის ბუშტი;
  • ძილში ბავშვი ვერ გრძნობს, რომ შარდის ბუშტი სავსე აქვს;
  • ჰორმონული დისბალანსი;
  • საშარდე გზების ინფექცია;
  • ძილის აპნოე;
  • დიაბეტი;
  • ქრონიკული ყაბზობა;
  • საშარდე ან ნერვული სისტემის სტრუქტურული პრობლემები.

რასაკვირველია, რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება სტრესი და შფოთვა, ასევე ოჯახური ანამნეზი.

მკურნალობა სახლის პირობებში

როგორც უკვე მოგახსენეთ, ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ პედიატრს, რომელიც შესაბამისი დიაგნოსტირების საფუძველზე გამოიკვლევს ხომ არ არის უნებლიე შარდვა რომელიმე ფარულად მიმდინარე დაავადების სიმპტომი - დიაგნოზის შესაბამისად ინიშნება მკურნალობის კურსი.

ასევე გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც შესაძლოა დაგეხმაროთ:

  • გვიან საღამოს, ძილის წინ მაქსიმალურად შეზღუდეთ სითხის რაოდენობა;
  • არ მისცეთ პატარას კოფეინის შემცველი საკვები და სასმელი;
  • შარდის ბუშტი ბოლომდე რომ დაიცალოს, დაძინებამდე ბავშვი მინიმუმ ორჯერ გაიყვანეთ საპირფარეშოში;
  • სასურველია, პატარამ დღის განმავლობაში მოშარდოს ყოველ 2 საათში (ან თუ ყოველ 2 საათში საჭირო არ გახდა, ხშირად);
  • თქვენი დახმარებით პატარამ უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა;
  • შეეცადეთ პაწაწინა ადამიანს გაუგოთ და ნუ გაუბრაზდებით ზეწრის დასველებისთვის. ხშირად პატარას დასცინიან დედმამიშვილები, რაც შფოთვის რისკს კიდევ უფრო ზრდის;
  • თუ შესაძლებელია კარგი იქნება, რომ სველი თეთრეულის ან სამოსის გამოცვლაში ბავშვი „დაიხმაროთ“. მაგალითად, სთხოვეთ თქვენთან ერთად აალაგოს ლოგინი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bed-wetting/symptoms-causes/syc-20366685