რა არის ჭიპის თიაქარი?
ჭიპის თიაქარი ვითარდება მაშინ, როცა ნაწლავის ნაწილი ამოიბურცება, გამოდის მუცლის კუნთებში, ჭიპთან ახლოს. ჭიპის თიაქარი ხშირია და როგორც წესი, უვნებელი.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ ნაწილში ჭიპის თიაქარი გვხვდება ახალშობილებში, მაგრამ მისგან არც ზრდასრულები არიან დაზღვეულები.
ჩვილებში თიაქარის არსებობის კლასიკური ნიშანია ის, რომ ტირილის დროს ახალშობილის ჭიპის არე ამოიბურცება.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ახალშობილებში ჭიპის თიაქარი 1 ან 2 წლის ასაკში თავისით იხურება, მაგრამ ზრდასრულების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.
სიმპტომები
ჭიპის თიაქარი იწვევს შესიებას, შეშუპებას ან ამობურცულობას ჭიპთან ახლოს. ბავშვებში ჭიპის თიაქარი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ ზრდასრულები უჩივიან დისკომფორტს მუცლის არეში.
როდის მივმართოთ ექიმს?
პედიატრს აცნობეთ თუ შენიშნეთ, რომ პატარას აქვს ჭიპის თიაქარი და იხელმძღვანელეთ ექიმის რეკომენდაციით.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ პატარას აქვს ჭიპის თიაქარი და ამავდროულად გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები:
- ჭიპის თიაქარი მტკივნეულია;
- თიაქარი იწვევს პირღებინებას;
- თიაქარის ადგილი არის შესიებული, ფერშეცვლილი.
იგივე სიმპტომები ვლინდება ზრდასრულებშიც. მიმართეთ ექიმს თუ ჭიპის გარშემო შენიშნეთ ამობურცულობა. სასწრაფო სამედიცინო დახმარება გჭირდებათ თუ თიაქარი მტკივნეულია.
გამომწვევი მიზეზები
ზრდასრულებში მუცლის არეში წნევამ შესაძლოა ჭიპის თიაქარი წარმოშვას.
წნევა, ზეწოლა, რომელიც მუცელზე ვრცელდება, შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობების გამო:
- სიმსუქნე;
- რამდენიმე ორსულობა;
- სითხე მუცლის ღრუში;
- წარსულში ჩატარებული ოპერაცია მუცლის ღრუში;
- თირკმლის უკმარისობისთვის განკუთვნილი ხანგრძლივი პერიტონეალური დიალიზი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/umbilical-hernia/symptoms-causes/syc-20378685