რას ნიშნავს ახლომხედველობა, ანუ მიოპია?
მიოპია მხედველობის გავრცელებული დარღვევაა, რომლის გამოც პირი კარგად ხედავს ახლოს მდებარე ობიექტებს, მაგრამ შორს მდებარე ნივთებს ბუნდოვნად არჩევს (ხედავს).
მიოპია შესაძლოა თანდათანობით ან სწრაფად განვითარდეს. როგორც წესი, მდგომარეობა უარესდება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.
მეცნიერთა აზრით, ხშირად იკვეთება კავშირი ახლომხედველობასა და მემკვიდრეობას შორის, შესაბამისად, მიოპიის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი ოჯახური ანამნეზია.
მიოპიის დიაგნოსტირება შესაძლებელია თვალის სტანდარტული კვლევის დროსაც. დიაგნოზის საფუძველზე სპეციალისტი შეარჩევს შესაბამის სათვალეს ან კონტაქტურ ლინზას. შესაძლოა საჭირო გახდეს რეფრაქციული ქირურგიული ჩარევა.
სიმპტომები
ახლომხედველობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- თქვენგან შორს მდებარე საგნებს ბუნდოვნად ხედავთ;
- კარგად რომ დაინახოთ იძულებული ხართ თვალი მოჭუტოთ ან ნაწილობრივ დახუჭოთ;
- მხედველობის დაძაბვის, თვალის დაღლის გამო უჩივით თავის ტკივილს;
- მხედველობის პრობლემა საჭის მართვის დროს და განსაკუთრებით ღამით (ღამის მიოპია).
ახლომხედველობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორც წესი, ბავშვობაში ვლინდება.
ბავშვებში მიოპიაზე მიანიშნებს შემდეგი:
- ბავშვი თვალს აელმებს;
- ახლოს ჯდება ტელევიზორთან ან დაფაზე წარწერა კარგად რომ გაარჩიოს, საკლასო ოთახში წინა მერხს ირჩევს;
- ვერ ხედავს, ვერ არჩევს მისგან შორს მდებარე ობიექტებს;
- თვალს ხშირად ახამხამებს;
- ხშირად ისვამს თვალზე ხელს.
როდის მივმართოთ ექიმს?
რასაკვირველია, ექიმს უნდა მიმართოთ, როცა შენიშნავთ მხედველობის ნებისმიერი სახის ცვლილებას.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება გჭირდებათ შემდეგ სიტუაციებში:
- მოულოდნელად დაინახეთ პაწაწინა ლაქები;
- ხედავთ სინათლეს ან ერთგვარ გაელვებას ერთ ან ორივე თვალში;
- თითქოს თვალზე ფარდის მსგავსი ჩრდილი გეფარებათ.
გამომწვევი მიზეზი
ახლომხედველობის მიზეზია ის, რომ თქვენი თვალის კაკალი ან ნორმაზე გრძელია, ან რქოვანა ზედმეტად მოხრილია.
ახლომხედველობის გარდა სხვა რეფრაქციული დარღვევაა შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი.
ახლომხედველობის განვითარებას შესაძლოა ხელს უწყობდეს შემდეგი რისკ-ფაქტორები:
- გენეტიკა;
- გარემო ფაქტორები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/nearsightedness/symptoms-causes/syc-20375556