რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის შესახებ?

რა უნდა იცოდეთ კორონავირუსის შესახებ?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი დაავადების გავრცელების კერად ჩინეთის ქალაქი უხანი ითვლება.

იანვრის შუა რიცხვებში დაავადება ჩინეთის საზღვრებს გაცდა.

კორონავირუსი იმ ვირუსთა ჯგუფში შედის, რომელიც რესპირატორულ ინფექციებს იწვევს - ვირუსი მუტაციასა და ადაპტაციას გადის, რის გამოც მისი გავრცელების კონტროლი რთულდება.

მისგან გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, კერძოდ:

  • ცხელება;
  • ხველა;
  • ქოშინი;
  • გულმკერდში სიმძიმის შეგრძნება;
  • სუნთქვის გაძნელება.

გართულებულ შემთხვევებში შეიძლება დიაგნოსტირდეს ფილტვების ანთება, მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმლის უკმარისობა და სავსებით შესაძლებელია, რომ კლინიკური შემთხვევა ფატალურად დასრულდეს.

საინკუბაციო ვადად 14 დღემდე პერიოდი ითვლება.

ამ დაავადების სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი ჯერ არ შემუშავებულა, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობა ხორციელდება სიმპტომურად და სინდრომულად.

პრევენციის მიზნით, სასურველია, მიიღოთ სტანდარტული ზომები, მაგალითად:

  • ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და გამდინარე წყლით;
  • მშრალ ხელზე შეიზილეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარი;
  • არ შეეხოთ თვალებსა და ცხვირ-პირს;
  • შეძლებისდაგვარად მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს;
  • დახურულ სივრცეში ისარგებლეთ სამედიცინო პირბადით;
  • სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ პირადი მოხმარების საგნები;

ხშირად გაანიავეთ ოთახი და სველი წესით დაასუფთავეთ.