მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი - რატომ გროვდება ფილტვის ალვეოლებში სითხე?

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი - რატომ გროვდება ფილტვის ალვეოლებში სითხე?

რა არის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი?

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი არის მდგომარეობა, როცა სითხე გროვდება ფილტვის ალვეოლებში.

რა არის ალვეოლი?

ალვეოლი არის ფილტვის სტრუქტურაში შემავალი პაწაწინა, ელასტიკური, ჰაერით სავსე ბუშტები.

დაგროვებული სითხის გამო ფილტვებში აღარ რჩება საკმარისი სივრცე ჰაერისთვის, შესაბამისად, გაცილებით ნაკლები ჟანგბადი აღწევს სისხლის მიმოქცევის სისტემაში. საბოლოო ჯამში ზარალდება სხვადასხვა ორგანო, რადგან ჟანგბადის სიმცირის გამო სათანადოდ ფუნქციონირება უჭირს.

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ვითარდება იმ პაციენტებში, ვინც უკვე კრიტიკულად მძიმედ ავადობენ ან პათოლოგია ვლინდება იმ პაციენტებში, რომლებმაც სერიოზული დაზიანებები მიიღეს.

სინდრომის მთავარი სიმპტომი სუნთქვის ძლიერი უკმარისობაა და ჩვეულებრივ, დაავადება ტრავმის მიღებიდან ან ინფექციის შეყრიდან რამდენიმე საათში ან დღეში პროგრესირებს.

სამწუხაროდ, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი რთულ პათოლოგიას წარმოადგენს. რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ხანდაზმულია - რისკ-ფაქტორს განეკუთვნება ასევე დაავადების სიმძიმე.

რაც შეეხება აღნიშნული სინდრომისგან გამოჯანმრთელებულთა მდგომარეობას; როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ორგანიზმის ინდივიდუალური ამტანობა, მაგალითად, როცა ზოგიერთი ადამიანი მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისგან სრულად გამოჯანმრთელდება, სხვების ფილტვები პათოლოგიის გამო ხანგრძლივი დროით ზარალდება.

სიმპტომები

გამომწვევი მიზეზისა და სიმძიმის შესაბამისად სიმპტომები განსხვავებულია.

თუმცა ხშირად ვლინდება შემდეგი:

  • სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
  • გართულებული და უჩვეულოდ სწრაფი სუნთქვა;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • დაბნეულობა და ძლიერი დაღლილობის შეგრძნება.

როდის მივმართოთ ექიმს?

როგორც წესი, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ძირითადი დაავადების ან დაზიანების ფონზე ვითარდება, შესაბამისად, კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში, როცა ეს დიაგნოზი დგება, პაციენტი უკვე კლინიკაშია ჰოსპიტალიზირებული.

გამომწვევი მიზეზი

მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის გამომწვევი მიზეზებია:

  • სეფსისი;
  • მავნე ნივთიერების შესუნთქვა;
  • მწვავე პნევმონია;
  • თავის, გულმკერდის ან სხვა ორგანოების ტრავმა;
  • კორონავირუსი;
  • პანკრეატიტი;
  • დამწვრობა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/ards/symptoms-causes/syc-20355576