გაქვთ შეგრძნება თითქოს კარი ჩაკეტილი არ არის ან ღუმელი ჩართული დაგრჩათ?

გაქვთ შეგრძნება თითქოს კარი ჩაკეტილი არ არის ან ღუმელი ჩართული დაგრჩათ?

რა არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა?

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ხასიათდება არასასიამოვნო, უსაფუძვლო ფიქრებისგან და შიშებისგან, რაც იწვევს განმეორებით ქცევებს (კომპულსიები).

აღნიშნული აკვიატებული აზრები და ქცევა ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში და მნიშვნელოვან დისტრესს იწვევს.

ხშირად პიროვნება ცდილობს, რომ აკვიატებულ აზრებსა თუ ქცევებს ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ ეს უფრო მეტად ზრდის სტრესისა თუ შფოთვის რისკს.

როგორც წესი, ადამიანს ეუხერხულება ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი, თუმცა რაც უფრო დროულად დაიწყებთ მკურნალობას, მარტივად გათავისუფლდებით დისკომფორტისგან. გახსოვდეთ, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მკურნალობას ეფექტურად ექვემდებარება.

სიმპტომები

აკვიატებული აზრები:

  • ჭუჭყის ან სიბინძურის შიში;
  • ეჭვი, გაურკვევლობა;
  • საგნების სიმეტრიულად და სწორად დაწყობის სურვილი;
  • კონტროლის დაკარგვის აგრესიული ან დაზაფრული ფიქრი;
  • შიში, რომ ავნებს საკუთარ თავს ან გარშემომყოფს;
  • არასასურველი ფიქრები.

ობსესიების მაგალითები:

  • შიში, რომ დაინფიცირდება, დაბინძურდება იმ საგნების შეხებით, რომელსაც სხვები ეხებიან;
  • ეჭვი, რომ კარი არ არის ჩაკეტილი ან ღუმელი ჩართულია;
  • ძლიერი სტრესი იმის გამო, რომ რომელიმე ნივთი სწორად არ დევს;
  • ფიქრი იმაზე, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე უხამს სიტყვებს იტყვის ან შეუფერებლად მოიქცევა;
  • უსიამოვნო სექსუალური წარმოსახვები;
  • ისეთი სიტუაციიდან თავის არიდება, რომელმაც შესაძლოა ობსესია წარმოშვას (მაგალითად, მისალმების ნიშნად ხელის ჩამორთმევა) და სხვა.

კომპულსიური ქცევაც ობსესიურის მსგავსია, მაგალითად:

  • დაბანა და დასუფთავება;
  • შემოწმება;
  • დათვლა;
  • სრული წესრიგი;
  • მკაცრად დადგენილი წესის შესრულება.

კომპულსიის მაგალითებია:

  • ხელის დაბანა კანის გაუხეშებამდე;
  • კარის რამდენჯერმე შემოწმება რათა დარწმუნდეს ნამდვილად დაკეტილია თუ არა;
  • ღუმელის არაერთგზის შემოწმება ვაითუ ჩართული დავტოვეო;
  • გარკვეულ ნიმუშზე დაყრდნობით დათვლა;
  • ლოცვის, სიტყვის ან ფრაზის ჩუმად გამეორება;
  • დაკონსერვებული პროდუქტების ერთ მხარეს დაწყობა.

აღსანიშნავია, რომ პერფექციონისტსა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მქონე პირთა შორის განსხვავებაა. ობსესიურ-კომპულსიური დარღვევით გამოწვეული ფიქრები არ წარმოადგენს უბრალოდ გადაჭარბებულ დარდს ცხოვრებისეული პრობლემების შესახებ.

გამომწვევი მიზეზი

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, დარღვევაში გარკვეულ როლს თამაშობს ბიოლოგია, გენეტიკა და გარემო.

რასაკვირველია, რისკ-ფაქტორს განეკუთვნება ოჯახური ანამნეზი, ცხოვრებაში გადატანილი სტრესული მოვლენა, სხვა მენტალური პრობლემები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/obsessive-compulsive-disorder/symptoms-causes/syc-20354432