რა არის პარკინსონის დაავადება?
პარკინსონის დაავადება წარმოადგენს პროგრესირებად, ნერვული სისტემის დარღვევას, რომლის გამოც მნიშვნელოვნად ქვეითდება (ირღვევა) მოძრაობის ფუნქცია.
სიმპტომები თანდათანობით ვლინდება; დაავადების ყველაზე გავრცელებული ნიშანია კანკალი. თუმცა დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს უმოძრაობა/გაშეშება ან მოძრაობის შენელება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ირღვევა მეტყველება და სხვა სიმპტომებიც ვლინდება.
მედიცინისთვის პარკინსონის დაავადების სრული განკურნების მეთოდი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაბამისი მედიკამენტებით სიმპტომების მართვა თუ მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც.
სიმპტომები
აღსანიშნავია, რომ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ნიშნები ყველა პაციენტში განსხვავებულია.
სამწუხაროდ, ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი ნიშანი თუ სიმპტომი შესაძლოა იმდენად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდეს, გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველიც კი დარჩეს.
როგორც წესი, პარკინსონის დაავადების დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- კიდურის (ხშირად ხელის ან თითების) კანკალი, ტრემორი;
- შენელებული მოძრაობა (ბრადიკინეზია);
- რიგიდული კუნთები;
- სხეულის მდგომარეობისა და ბალანსის დარღვევა;
- ავტომატური მოძრაობების დაკარგვა;
- მეტყველების ცვლილება;
- ცვლილება წერის დროს.
გამომწვევი მიზეზი
პარკინსონის დაავადების დროს ტვინში გარკვეული ნერვული უჯრედები (ნეირონები) თანდათან იშლება ან იღუპება, რაც შესაბამის სიმპტომებს იწვევს.
ბევრი სიმპტომი ნეირონების დაკარგვითაა განპირობებული. ნეირონები გამოიმუშავებენ ტვინის ერთგვარ ქიმიურ სასიგნალო ნივთიერებას სახელწოდებით დოპამინს და როცა მისი დონე მცირდება, ტვინში პათოლოგიური აქტივობა იწყება - შედეგად ირღვევა მოძრაობის უნარი და პარკინსონის დაავადების სხვა სიმპტომებიც ვლინდება.
დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადების ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს გენი და გარემო ფაქტორები.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, პარკინსონის დაავადება ძალიან იშვიათია ახალგაზრდებში და დიაგნოზი უმეტესად 60 წელს გადაცილებულებს აქვთ.
ამასთან, პარკინსონის დაავადებით ქალებთან შედარებით მამაკაცები უფრო ხშირად ავადობენ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/parkinsons-disease/symptoms-causes/syc-20376055