შფოთვა - როდის მივმართოთ ექიმს?

შფოთვა - როდის მივმართოთ ექიმს?

რა უნდა იცოდეთ შფოთვის შესახებ, რა არის შფოთვითი დარღვევა, შფოთვითი აშლილობა?

როცა ეს შეგრძნება იშვიათად ვლინდება, შეიძლება ცხოვრების ნორმალურ ნაწილად ჩაითვალოს. თუმცა შფოთვითი დარღვევა, რომელიც ხშირად ვლინდება, საყურადღებოა და თუ დროულად არ უმკურნალებთ, არაა გასაკვირი ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითი კვალი დატოვოს.

პაციენტი შფოთვითი დარღვევის გამო დაძაბული, შეშინებული და განერვიულებულია ყოველდღიურ, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო სიტუაციებშიც კი. ზოგიერთ შემთხვევაში შფოთვითი დარღვევა მოიცავს უეცრად აღმოცენებული ძლიერი შფოთვისა და შიშის განმეორებით ეპიზოდებს, რომელიც რამდენიმე წუთში პანიკურ შეტევაში გადაიზრდება.

რასაკვირველია, ეს შეგრძნება ყოველდღიური ცხოვრების ტემპზე გავლენას ახდენს და ბევრი ადამიანი დამოუკიდებლად მის კონტროლს ვერ ახერხებს.

ამ შეგრძნების პრევენციისთვის ხშირად პაციენტი შეგნებულად ერიდება გარკვეულ სიტუაციას, ადგილს.

როგორც წესი, სიმპტომები ბავშვთა ასაკში ან თინეიჯერობაში ვლინდება და ზრდასრულ ასაკშიც კი გრძელდება.

შფოთვითი აშლილობის მაგალითებია: გენერალიზირებული შფოთვითი დარღვევა, სოციალური შფოთვა/ფობია, სპეციფიკური ფობია, სეპარაციული შფოთვის დარღვევა. ზოგჯერ შფოთვის გამომწვევი მიზეზი სამედიცინო მდგომარეობაა.

შფოთვის რომელი ფორმაც არ უნდა გქონდეთ, გახსოვდეთ, თანამედროვე მედიცინას თქვენი დახმარება შეუძლია და აუცილებელია სპეციალისტთან დროული მიმართვა. შესაბამისი მკურნალობის კურსით შფოთვითი დარღვევა ეფექტურად მართვადია.

სიმპტომები

შფოთვის დროს შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ნერვიულობა, დაძაბულობა ან მოუსვენრობა;
  • მოახლოებული საფრთხის შიში, პანიკა;
  • გაძლიერებული გულისცემა;
  • სწრაფი სუნთქვა;
  • ოფლიანობა;
  • კანკალი;
  • სისუსტე და დაღლილობა;
  • ფიქრისა და კონცენტრაციის დაქვეითებული უნარი;
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები;
  • პაციენტს უჭირს დარდის, მღელვარების, ნერვიულობის კონტროლი;
  • ყველა შესაძლო სიტუაციიდან გარიდება, რომელმაც კი შესაძლოა შფოთვა გამოიწვიოს.

როდის მივმართოთ ექიმს?

მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • ფიქრობთ, რომ იმდენად ბევრს ნერვიულობთ ან დარდობთ, ხელი გეშლებათ სამსახურსა და ურთიერთობებში;
  • შიში, დარდი თუ შფოთვა გაღიზიანებთ, გაწუხებთ და ამ შეგრძნების კონტროლი გიჭირთ;
  • შფოთვასთან ერთად გაქვთ დეპრესია, ალკოჰოლის მიღების ან ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები;
  • ფიქრობთ, რომ შფოთვა შესაძლოა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემასთან იყოს დაკავშირებული;
  • გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გაგიჩნდათ ისეთი ფიქრი, რომელმაც შეიძლება ავნოს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

გახსოვდეთ, შფოთვა ან ნებისმიერი მსგავსი შეგრძნება თავისთავად არ გაქრება და უფრო უარესი - მკურნალობის გარეშე იზრდება მდგომარეობის გამწვავების და დისკომფორტის გახანგრძლივების რისკი. რაც უფრო დროულად დაიწყებთ მკურნალობას, უფრო მარტივად გათავისუფლდებით შფოთვითი დარღვევისგან.

გამომწვევი მიზეზები

შფოთვის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია და სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული სპეციალისტთან დროული მიმართვა.

შესაძლოა ამ შეგრძნებას იწვევდეს ცხოვრებისეული ტრავმა. მაგალითად, თუ პირი შფოთვისკენ მიდრეკილია ტრავმის გამო შფოთვითი აშლილობის რისკი გაცილებით მაღალია.

გასათვალისწინებელია მემკვიდრული ფაქტორიც.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შფოთვას შესაძლოა ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა იწვევდეს.

ზოგჯერ ეს შეგრძნება მედიკამენტის გვერდითი ეფექტია.

გასათვალისწინებელია ალკოჰოლის დოზაც, ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, სტრესის დონე და სხვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anxiety/symptoms-causes/syc-20350961