ხშირად ადამიანს ხელები ცივი აქვს და მაშინაც კი თუ გარშემო არ ცივა.
ძირითადად, ცივი ხელი ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და ამ გზით სხეულის ტემპერატურის რეგულირებას ცდილობს, შესაბამისად, საშიში არაფერია. მაგრამ თუ ხელები ცივი გაქვთ თითქმის მუდმივად და ამავდროულად ფერიც შეცვლილია, ასეთ ვითარებაში გამომწვევი მიზეზის დადგენა აუცილებელია.
ცივი ხელების მიზეზი შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა ან ნერვის პრობლემა - სავსებით შესაძლებელია საქმე ხელებისა თუ თითების ქსოვილის დაზიანებასთანაც კი გვქონდეს.
გახსოვდეთ, რომ თუ იმყოფებით უკიდურესად ცივ კლიმატურ გარემოში და ხელები გაგეყინათ, მაქსიმალურად ყურადღებით იყავით - არ გამოგეპაროთ მოყინვის სიმპტომები!
თუ ცივი ხელები გაქვთ, დააკვირდით შემდეგ ნიშნებსა და სიმპტომებს:
- ცივი ფეხები ან ფეხის თითები;
- ხელის კანის ფერის ცვლილება (ლურჯი ან თეთრი კანი);
- დაბუჟება ან ჩხვლეტა;
- ღია ჭრილობა, იარა, წყლული ან ერთგვარი ბუშტუკოვანი მუწუკი, ბებერა;
- დაჭიმული კანი.
გამომწვევი მიზეზი
როგორც უკვე მოგახსენეთ, ცივი ხელები შესაძლოა სულაც არ იყოს რაიმე პათოლოგიით გამოწვეული და მის განვითარებაში გარკვეულ როლს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქცია ან ცივი კლიმატი თამაშობდეს, თუმცა ზოგჯერ ცივი ხელები საყურადღებო დაავადებისა თუ მდგომარეობის გავრცელებული სიმპტომია, მაგალითად, მას შეიძლება იწვევდეს:
- ანემია;
- ბერგერის დაავადება;
- დიაბეტი;
- მოყინვა;
- ლუპუსი, მგლურა;
- რეინოს დაავადება;
- სკლეროდერმა.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ ხელები მუდმივად მოყინული გაქვთ, ხშირად გრძნობთ რომ ხელები ცივი გაქვთ, გირჩევთ მიმართოთ ექიმს. სპეციალისტი ზუსტ გამომწვევ მიზეზს დაადგენს - შესაძლოა ამ დისკომფორტს სისხლის მიმოქცევის ან ნერვის დარღვევა იწვევდეს.
მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა ცხოვრების წესის ცვლილება გირჩიოთ და აღნიშნული რეკომენდაცია სიმპტომების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/cold-hands/basics/definition/sym-20050648