ბავშვის დაბადება ძლიერ ემოციებს იწვევს.
როდესაც ოჯახში პატარა ადამიანი ჩნდება ბედნიერებასა და მხიარულებასთან ერთად სავსებით შესაძლებელია თავი იჩინოს შფოთვამ თუ შიშმა და ზოგჯერ დეპრესიამაც.
მშობიარობის შემდგომ ბევრ ახალბედა დედიკოს გამოუცდია ე.წ. baby blues, რომელიც მოიცავს ისეთ სიმპტომებს როგორიცაა გუნება-განწყობის ცვლილება, ტირილის სურვილი, შფოთვა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები.
როგორც წესი, ეს მდგომარეობა ვლინდება ბავშვის გაჩენიდან პირველ 2 ან 3 დღეს და შესაძლოა გაგრძელდეს 2 კვირის განმავლობაში. თუმცა ზოგიერთი ქალის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია დეპრესიის უფრო მწვავე, ხანგრძლივი ფორმა სახელწოდებით მშობიარობის შემდგომი დეპრესია გამოვლინდეს. იშვიათად, მაგრამ არის მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის რისკი.
თუ მშობიარობის შემდგომი დეპრესია გაქვთ, არ ინერვიულოთ, რადგან დროული მკურნალობით ნებისმიერი უსიამოვნო სიმპტომი გაქრება.
სიმპტომები
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულია და შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე საშუალო და მწვავე სიმძიმის.
Baby blues, ანუ მსუბუქი დეპრესიის მსგავსი მდგომარეობის დროს (რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე ან 2 კვირამდე) ქალი უჩივის ისეთ სიმპტომებს როგორიცაა:
- გუნება-განწყობილების ცვლილება;
- შფოთვა;
- მოწყენილობა;
- გაღიზიანება;
- განცვიფრება, გაოგნება;
- ტირილი;
- დაქვეითებული კონცენტრაცია;
- მადის პრობლემები;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები შეიძლება Baby blues-ში აგერიოთ, მაგრამ დეპრესიის დროს ეს ნიშნები უფრო ძლიერია და ხანგრძლივი დროით მიმდინარეობს.
პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ არაა გასაკვირი ქალს ჩვილის მოვლა გაუჭირდეს ან ყოველდღიური საქმიანობის შესრულება ვერ შეძლოს.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს შესაძლოა გამოვლინდეს:
- დეპრესიული განწყობა ან გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილება;
- ტირილის ძლიერი სურვილი;
- ჩვილთან ურთიერთობის სირთულე;
- ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დაშორების სურვილი;
- მადის დაკარგვა ან უჩვეულოდ ბევრი საკვების მიღების სურვილი;
- უძილობა ან დიდხანს ძილი;
- დაღლილობა, ენერგიის დაქვეითება;
- საყვარელი საქმის მიმართ ინტერესის დაკარგვა;
- გაღიზიანება და სიბრაზე;
- შიში, რომ ცუდი დედაა;
- უიმედობა;
- სირცხვილის, დანაშაულის ან არაადეკვატურობის განცდა;
- ცხადად აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- მოუსვენრობა;
- შფოთვა და პანიკური შეტევა;
- ფიქრი, რომ შეიძლება ავნოს ბავშვს ან საკუთარ თავს.
მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის სიმპტომები:
- დაბნეულობა და დიზორიენტაცია;
- აკვიატებული ფიქრები ბავშვის შესახებ;
- ჰალუცინაცია და ილუზია;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- ენერგიის მოზღვავება;
- პარანოია;
- მცდელობა ავნოს საკუთარ თავს ან ბავშვს.
გახსოვდეთ, მშობიარობის შემდგომმა ფსიქოზმა შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის სახიფათო ფიქრები ან ქცევა, შესაბამისად, დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს!
გამომწვევი მიზეზები
მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ქალს და როგორც პირველი მშობიარობის, ისე რამდენიმე ბავშვის გაჩენის შემდეგაც.
თანამედროვე მედიცინას თქვენი დახმარება შეუძლია, შესაბამისად, არ მოგერიდოთ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი და გახსოვდეთ, რაც უფრო დროულად მიმართავთ ექიმს, უფრო მალე გათავისუფლდებით სიმპტომებისგან.
მშობიარობის შემდგომ დეპრესიას მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზი არ იწვევს და ამ მდგომარეობის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ფაქტორები.
მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკი იზრდება თუ:
- გაქვთ დეპრესიის ისტორია ან ორსულობისას, ან სხვა დროს;
- ბიპოლარული დარღვევა;
- დეპრესიის ან გუნება-განწყობილების დარღვევის ოჯახური ანამნეზი;
- გადაიტანეთ სტრესული სიტუაცია (გართულება ორსულობისას, სამსახურის დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემები);
- ჩვილის ჯანმრთელობის პრობლემა;
- დაძაბული ურთიერთობა პარტნიორთან;
- უჩივით ფინანსურ პრობლემებს;
- ორსულობა დაგეგმილი არ გქონდათ და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/postpartum-depression/symptoms-causes/syc-20376617