რა არის ინსულტი?
ინსულტი, თავის ტვინის ინფარქტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა და ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინის ნაწილში სისხლის მიწოდება წყდება, ირღვევა ან მცირდება, შესაბამისად, ტვინის ქსოვილი ვეღარ იღებს ჟანგბადსა და მკვებავ ნივთიერებებს. ტვინის უჯრედები რამდენიმე წუთში კვდომას იწყებს.
ინსულტი სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს - დროულად დაწყებული მკურნალობით მნიშვნელოვნად მცირდება ტვინის დაზიანებისა და სხვა შესაძლო გართულებების რისკი.
ინსულტის სიმპტომები
ინსულტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- მეტყველების დარღვევა;
- გაშეშება, დამბლა ან მგრძნობელობის დაკარგვა სახის, მკლავისა თუ ფეხის არეში;
- მხედველობის გაუარესება ერთ ან ორივე თვალში;
- უეცრად განვითარებული და მწვავე, ძლიერი თავის ტკივილი (თავის ტკივილს შეიძლება დაერთოს პირღებინება, თავბრუსხვევა, ცნობიერების შეცვლა);
- სიარულის გაძნელება (შესაძლოა წაბორძიკდეთ, დაკარგოთ ბალანსი, მოულოდნელად დაგეწყოთ თავბრუსხვევა ან დაკარგოთ კოორდინაცია).
როდის მივმართოთ ექიმს?
სასწრაფო გადაუდებელი დახმარება გჭირდებათ თუ შენიშნეთ ინსულტის რომელიმე სიმპტომი/ნიშანი და მაშინაც კი, თუ ეს სიმპტომები ალაგდა!
იმოქმედეთ სწრაფად და მიიღეთ შემდეგი ღონისძიებები:
- დააკვირდით სახეს. პაციენტს გაღიმება სთხოვეთ - სახის ერთი მხარე ჩამოწეული, ჩამოვარდნილი, ჩამოშვებულია, ანუ აღინიშნება სახის ასიმეტრია?
- დააკვირდით მკლავებს. პაციენტს ორივე მკლავის აწევა სთხოვეთ - მისთვის შეუძლებელია მკლავის აწევა ან გაშლის დროს ხელი დაბლა ვარდება?
- დააკვირდით მეტყველებას. პაციენტს მარტივი ფრაზის გამეორება სთხოვეთ - მისი მეტყველება უცნაური ან გაუგებარია?
- არ გამოგეპაროთ დრო. ინსულტის დროს ყოველი წამი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! თუ რომელიმე ეს ნიშანი შენიშნეთ, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. არ დაელოდოთ სიმპტომების ალაგებას;
- არ მიატოვოთ პაციენტი და ყურადღებით დააკვირდით ადამიანს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მოსვლამდე.
გამომწვევი მიზეზები
ინსულტს 2 მთავარი მიზეზი იწვევს: არტერიის დახშობა ან გაჟონვა, ან სისხლძარღვის გასკდომა.
იშემიური ინსულტი
ინსულტის ყველაზე გავრცელებული ფორმა იშემიური ინსულტია.
იშემიური ინსულტი ვითარდება სპაზმის, თრომბოზის, ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, ათეროსკლეროზული ფოლაქით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების გამო.
იშემიური ინსულტის გამომწვევი მიზეზია ტვინის სისხლძარღვების შევიწროება ან დახშობა. მდგომარეობის დროს უკიდურესად მცირდება სისხლის მიწოდება (იშემია).
ჰემორაგიული ინსულტი
ჰემორაგიული ინსულტი ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევაა.
ინსულტის ეს ფორმა წარმოიქმნება მაშინ, როცა ტვინის სისხლძარღვში ფიქსირდება გაჟონვა ან მისი სტრუქტურა ირღვევა (სკდება).
ტვინის სისხლჩაქცევას იწვევს ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე. წარმოგიდგენთ იმ ფაქტორებს, რომელიც ჰემორაგიულ ინსულტთან არის დაკავშირებული:
- უკონტროლო, უმართავი მაღალი არტერიული წნევა;
- სისხლის გამათხელებლების (ანტიკოაგულანტები) ზედმეტი, ჭარბი დოზა;
- ანევრიზმა;
- ტრავმა (მაგალითად, ავტოავარია);
- ცერებრალური ამილოიდური ანგიოპათია.
გარდამავალი, მინი, მცირე ინსულტი
გარდამავალ იშემიურ შეტევას ზოგჯერ მინი (მცირე) ინსულტს უწოდებენ.
ამ მდგომარეობის დროსაც ინსულტის მსგავსი სიმპტომები ვლინდება, თუმცა დროებით და აღმოცენებიდან მცირე დროში ქრება.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი შეცდომას უშვებს და ფიქრობს, რომ რადგან სიმპტომები დროულად ალაგდა და თავს კარგად გრძნობს, საშიში არაფერია. სინამდვილეში გარდამავალი იშემიური შეტევით ორგანიზმი გაფრთხილებთ, რომ სავსებით შესაძლებელია მოგვიანებით მსოფლიო სამედიცინო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი პათოლოგია ინსულტი გამოვლინდეს, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს თავს რამდენად უკეთ გრძნობთ გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება!
ამასთან, ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
- უმოძრაობა, არააქტიურობა;
- ჭარბი დოზით ალკოჰოლის მიღება;
- ნარკოტიკის მოხმარება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- თამბაქოს მოხმარება;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- დიაბეტი;
- ობსტრუქციული ძილის აპნოე;
- კარდიოვასკულური დაავადება;
- ინსულტის ოჯახური ანამნეზი;
- გულის შეტევა ან გარდამავალი იშემიური შეტევა;
- ასაკი (55 წელი და მეტი).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/stroke/symptoms-causes/syc-20350113