თუ გაწუხებთ ხელისა და ტერფის ტკივილი, დაბუჟება, კუნთის სისუსტე, სიცხის აუტანლობა

თუ გაწუხებთ ხელისა და ტერფის ტკივილი, დაბუჟება, კუნთის სისუსტე, სიცხის აუტანლობა

რა არის პერიფერიული ნეიროპათია?

პერიფერიული ნეიროპათია იწვევს სისუსტეს, დაბუჟებას, მგრძნობელობის დაკარგვასა და ტკივილს, ჩვეულებრივ, ხელისა და ტერფის არეში. შეიძლება გავლენა იქონიოს სხეულის სხვა არეზეც.

თქვენი პერიფერიული ნერვული სისტემა თავისა და ზურგის ტვინიდან გზავნის ინფორმაციას ორგანიზმის სხვა ნაწილებში, პერიფერიული ნერვები ასევე გზავნიან სენსორულ ინფორმაციას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

პერიფერიული ნეიროპათია შესაძლოა გამოწვეული იყოს ტრავმული დაზიანებით, ინფექციით, მეტაბოლური პრობლემებით, მემკვიდრული დაავადებებით, ტოქსინების ზემოქმედებით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი დიაბეტია!

ამ პათოლოგიით დაავადებული პაციენტები განმარტავენ, რომ ტკივილი არის მწვავე, მწველი ან მჩხვლეტავი.

ბევრ კლინიკურ შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ გამომწვევი მიზეზი განკურნებადია, სიმპტომები უმჯობესდება. ტკივილის შემსუბუქება მედიკამენტებითაა შესაძლებელი.

სიმპტომები

პერიფერიული სისტემის თითოეულ ნერვს სპეციფიკური ფუნქცია აქვს, შესაბამისად, სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნერვის ტიპია დაზიანებული.

ნერვები კლასიფიცირდება როგორც:

  • სენსორული, მგრძნობელობითი ნერვები (აღიქვამს შეგრძნებას, მაგალითად, ტემპერატურას, ტკივილს, ვიბრაციას, შეხებას კანიდან);
  • მოტორული ნერვები (აკონტროლებს კუნთის მოძრაობას);
  • ავტონომიური ნერვები (აკონტროლებს ისეთ ფუნქციებს როგორიცაა სისხლის წნევა, გულისცემა, საჭმლის მონელება, შარდვა).

პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • დაბუჟების, მგრძნობელობის დაკარგვის შეგრძნება, რომელიც თანდათან ვითარდება, ჩხვლეტა ტერფების ან ხელების არეში, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს ფეხებსა და მკლავებში;
  • ბასრი, ფეთქვადი ან მწველი ტკივილი;
  • შეხებისას ძლიერი მგრძნობელობა;
  • ტკივილი ისეთი აქტივობის შემდეგ, რომელიც ტკივილს არ უნდა იწვევდეს;
  • კოორდინაციის დაქვეითება და წაქცევა;
  • კუნთის სისუსტე;
  • ისეთი შეგრძნება თითქოს ხელთათმანი ან წინდა გაცვიათ;
  • დამბლა, მოტორული ნერვის დაზიანების შემთხვევაში.

ავტონომიური ნერვების დაზიანების გამო პაციენტი შეიძლება უჩიოდეს:

  • სიცხის აუტანლობას;
  • ჭარბ ოფლიანობას ან ოფლის გამოყოფის დარღვევას;
  • შარდვისა და საჭმლის მონელების პრობლემებს;
  • სისხლის წნევის ცვლილებას, რაც თავის მხრივ იწვევს თავბრუსხვევას ან გულის წასვლის შეგრძნებას.

როდის მივმართოთ ექიმს?

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ იგრძენით უჩვეულო ჩხვლეტა, სისუსტე ან ტკივილი ხელებსა და ტერფში.

ადრეული დიაგნოსტირებითა და შესაბამისად, დროულად დაწყებული მკურნალობით სიმპტომების კონტროლი და პერიფერიული ნერვების შემდგომი დაზიანების პრევენციაა შესაძლებელი.

გამომწვევი მიზეზები

პერიფერიული ნეიროპათია ნერვის დაზიანებაა, რომელსაც არაერთი მდგომარეობა იწვევს, მაგალითად: ავტოიმუნური დაავადებები, დიაბეტი, ინფექციები, მემკვიდრული დაავადებები, სიმსივნე, დარღვევები ძვლის ტვინში, თირკმლის დაავადება, ღვიძლის დაავადება, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, ჰიპოთირეოზი და სხვა.

სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • ალკოჰოლიზმი;
  • ტოქსიკური ნივთიერებები;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ტრავმული დაზიანება ან ზეწოლა ნერვზე;
  • ვიტამინების დეფიციტი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/peripheral-neuropathy/symptoms-causes/syc-20352061