მეჭეჭი პატარა ხორცმეტია, რომელიც კანზე ვითარდება.
იგი ვირუსული წარმოშობისაა და შეხებით ვრცელდება. მას იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი.
ვიზუალურად მეჭეჭი მცირე ზომის, ერთგვარი ხორცისებრი ამობურცულობაა, რომელიც შეიძლება იყოს ხორცისფერი, ვარდისფერი, თეთრი, ყავისფერი შეფერილობის, დაფარული შავი წერტილებით.
რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან ბავშვები და ახალგაზრდები, ასევე სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, გარკვეული მეთოდებით მეჭეჭების განვითარების რისკის შემცირება შესაძლებელია.
პრევენციისთვის რეკომენდებულია:
- მოერიდოთ მეჭეჭთან პირდაპირ კონტაქტს და ეს ეხება თქვენს საკუთარ მეჭეჭსაც;
- მექანიკურად ნუ გააღიზიანებთ მეჭეჭს, რადგან ვირუსის გავრცელებას შეუწყობთ ხელს;
- დაუშვებელია იმ ფრჩხილის ქლიბის, პემზასა თუ მაკრატლის ჯანმრთელ კანთან თუ ფრჩხილთან შეხება, რომელიც მეჭეჭს შეეხო. ყოველთვის ისარგებლეთ ერთჯერადი ქლიბით;
- შეწყვიტეთ ფრჩხილების კვნეტა. გახსოვდეთ, მეჭეჭი უფრო ხშირად გაღიზიანებულ კანზე ვრცელდება. კვნეტის გამო კანი ნამდვილი ღია კარია ვირუსისთვის;
- თუ უკვე გაქვთ მეჭეჭი, დაუშვებელია ამ არის გაღიზიანება და მათ შორის ხეხვა, პარსვა და სხვა;
- ნუ გაუზიარებთ პირად ნივთებს სხვას;
- საჯარო საშხაპეში, საცურაო აუზის ტერიტორიაზე, გასახდელ ოთახში ყოველთვის უნდა გეცვათ ფეხსაცმელი;
- მიუხედავად გაფრთხილებისა ზოგიერთი ადამიანი უნებურად მაინც ეხება მეჭეჭს - მაშინვე დაიბანეთ ხელი საპნით;
- აფთიაქში შეიძინეთ ერთგვარი ლეიკოპლასტირი, რომლითაც ცურვის დროს მეჭეჭს დაიფარავთ;
- დაიცავით პირადი ჰიგიენა.
მკურნალობა
უმეტესად მეჭეჭი მკურნალობის გარეშე ქრება. თუმცა ზოგჯერ გარკვეული ვიზუალური ცვლილებისა თუ დისკომფორტის გამო ექიმის ჩარევა ხდება საჭირო.
მკურნალობის მთავარი მიზანი მეჭეჭის მოშორება და იმუნიტეტის გაძლიერებაა.
მკურნალობა შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ მკურნალობის შემდეგაც სავსებით შესაძლებელია მეჭეჭი ხელახლა გაჩნდეს ან გავრცელდეს.
მედიკოსი მკურნალობის კურსს მეჭეჭის მდებარეობისა და სიმპტომატიკის შესაბამისად შეარჩევს. შესაძლოა საჭირო გახდეს კრიოთერაპია, მკურნალობა ლაზერით, მცირე ქირურგიული ჩარევა და სხვა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/common-warts/diagnosis-treatment/drc-20371131
https://www.southerncross.co.nz/group/medical-library/warts-symptoms-treatment-prevention