გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ხშირი დაავადებაა.
პათოლოგია მსხვილ ნაწლავს აზიანებს. იგი ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ხანგრძლივ და ადეკვატურ მართვას საჭიროებს.
შემაწუხებელი სიმპტომების მიუხედავად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არ იწვევს ნაწლავის ქსოვილის ცვლილებას ან არ ზრდის კოლორექტული კიბოს განვითარების რისკს.
აღსანიშნავია, რომ კლინიკურ შემთხვევათა მხოლოდ მცირე პროცენტში ვლინდება მწვავე ნიშნები და სიმპტომები; ზოგიერთ ადამიანს ჯანსაღი კვების რაციონის, ცხოვრების წესისა და სტრესის მართვის მეშვეობით სიმპტომებთან გამკლავება ეფექტურად შეუძლია. თუ სახეზეა მწვავე სიმპტომატიკა, ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა.
სიმპტომები
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები მრავალფეროვანია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვლინდება:
- ტკივილი, კრუნჩხვის შეგრძნება ან შებერილობა მუცლის არეში, რომელიც ყუჩდება ან ნაწილობრივ ყუჩდება კუჭის მოქმედების შემდეგ;
- ჭარბი რაოდენობით გაზები;
- დიარეა და ყაბზობა (ზოგჯერ ამ სიმპტომთა მონაცვლეობა);
- ლორწო განავალში.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ აღნიშნული სიმპტომები ქრონიკული ხასიათისაა, რადგან ეს ნიშნები შეიძლება უფრო სერიოზული დაავადების, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის მანიშნებელი იყოს.
მეტად საყურადღებო და სერიოზულია:
- წონის კლება;
- დიარეა ღამით;
- რექტალური სისხლდენა;
- რკინადეფიციტური ანემია;
- სრულიად უმიზეზოდ განვითარებული გულისრევა;
- ყლაპვის გაძნელება;
- მუდმივი ტკივილი, რომელიც კუჭის მოქმედების შემდეგაც არ ქრება.
გამომწვევი მიზეზები
გაღიზიანებული ნაწლავის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ზოგიერთი ფაქტორი დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს და მათ შორის აღსანიშნავია: ნაწლავში კუნთის შეკუმშვა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნერვის პათოლოგიები, ნაწლავის ანთება, მწვავე ინფექცია, მიკროფლორის ცვლილებები, კვებითი ალერგია, სტრესი, ჰორმონები.
სინდრომის გარკვეულ რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- ასაკი (უმეტესად 50 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტები ავადობენ);
- სქესი (ქალებში მეტადაა გავრცელებული);
- ოჯახური ანამნეზი;
- შფოთვა, დეპრესია და სხვა ფსიქიკური პრობლემები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/irritable-bowel-syndrome/symptoms-causes/syc-20360016