ზურგის ტკივილი - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ზურგის ტკივილი - როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ზურგის ტკივილი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და შემაწუხებელი სიმპტომია.

აღსანიშნავია, რომ ზურგის ტკივილის გამო პაციენტები ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს, აცდენენ სამსახურს და უჭირთ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა.

ადამიანთა დიდი ნაწილი ამ ტკივილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის.

ადეკვატური ზომების მიღების შემთხვევაში ზურგის ტკივილის თავიდან არიდება ან ტკივილის ეპიზოდების შემსუბუქებაა შესაძლებელი. ტკივილის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა ძალიან იშვიათად დგება.

სიმპტომები

ზურგის ტკივილის სიმპტომებია:

  • კუნთის ტკივილი;
  • გამჭოლი, მწვავე ტკივილი;
  • ტკივილი, რომელიც ვრცელდება ფეხზე;
  • ტკივილი, რომელიც უარესდება მოხრის, ნივთის აწევის, დგომისა თუ სიარულის დროს;
  • ტკივილი, რომელიც უმჯობესდება მას შემდეგ, როცა რამეს დაეყრდნობით.

უმეტეს შემთხვევაში ზურგის ტკივილი თანდათან უმჯობესდება სახლის პირობებში ჩატარებული თვითმკურნალობის მეშვეობით, მაგრამ თუ რამდენიმე დღის შემდეგაც, ყველა მცდელობის მიუხედავად, დისკომფორტი მაინც გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან ეს სიმპტომი შესაძლოა ფარულად მიმდინარე რომელიმე სერიოზულ დაავადებაზე მიგანიშნებდეთ.

გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ ზურგის ტკივილი:

  • იწვევს ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემებს;
  • ტკივილს თან ერთვის ტემპერატურა;
  • ზურგის ტკივილი გამოწვეულია დაცემის, დარტყმის ან ტრავმის გამო.

აუცილებლადმიმართეთექიმსთუზურგისტკივილი:

  • არის მწვავე და არ უმჯობესდება მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი;
  • ტკივილი ვრცელდება ერთ ან ორივე ფეხზე და განსაკუთრებით მაშინ, როცა დისკომფორტს, ტკივილს გრძნობთ მუხლის ქვემოთ;
  • გრძნობთ სისუსტეს, გაშეშებას, დაბუჟებას ერთ ან ორივე ფეხში;
  • ტკივილს თან ახლავს უმიზეზო წონის კლება;
  • ზურგის ტკივილმა პირველად შეგაწუხათ 50 წელს გადაცილებულ ასაკში;
  • გაქვთ კიბოს, ოსტეოპოროზის, სტეროიდების, ნარკოტიკებისა ან ჭარბი დოზით ალკოჰოლის მოხმარების ისტორია.

გამომწვევი მიზეზები

ზურგის ტკივილი, რომელიც აღმოცენდება მოულოდნელად და გრძელდება 6 კვირამდე (მწვავე) შესაძლოა გამოწვეული იყოს დაცემის შედეგად ან მძიმე საგნის აწევის გამო. ზურგის ტკივილი, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს (ქრონიკული) არის ნაკლებად გავრცელებული.

გახსოვდეთ, რომ ზურგის ტკივილი ხშირად ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვითარდება და დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი ხდება ტესტი ან რადიოლოგიური კვლევა.

მდგომარეობები, რომელიც ხშირად ზურგის ტკივილთანაა დაკავშირებული:

  • კუნთის ან იოგის დაჭიმულობა;
  • გამოზნექილი ან პერფორირებული დისკი;
  • ართრიტი;
  • ჩონჩხის ასიმეტრიულობა;
  • ოსტეოპოროზი.

ასევე ზურგის ტკივილის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება არააქტიური ცხოვრების წესი, სხეულის ჭარბი წონა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, თამბაქოს მოხმარება.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/back-pain/symptoms-causes/syc-20369906