დაბინძურებული საკვებით გამოწვეული დაავადება პაციენტს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის.
ინტოქსიკაციის მიზეზი შეიძლება გახდეს როგორც ჰიგიენის ნორმების დაუცველობა, ისე საკვების არასწორი მომზადება ან ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და მათი ტოქსინები.
საკვებით მოწამვლა უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და სიმპტომებიც (თხიერი დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, პირღებინება, გულისრევა და სხვა) მალე ქრება, მაგრამ ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმდება, რომ ჰოსპიტალიზირება და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ხდება საჭირო.
საკვებით მოწამვლის გამო გამოწვეული დისკომფორტი, როგორც წესი, 48 საათში სუსტდება.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მეთოდს, რომლის დახმარებითაც დეჰიდრატაციის პრევენციასა და სიმპტომების შემსუბუქებას შეძლებთ:
- კუჭს ძალიან დაეხმარებით თუ რამდენიმე საათის განმავლობაში არაფერს მიირთმევთ. შემდეგ კვების რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ ბულიონი, ასევე დაბალი ცხიმის შემცველობისა და ადვილად მოსანელებელი დაბლენდერებული საკვები. საკვების მიღება შეწყვიტეთ გულისრევის სიმპტომის გამოვლენისთანავე;
- ამ დროს ჩინებული სამკურნალო საშუალება წყალია. ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით სითხე მაშინაა, როცა ნორმალური დოზით შარდავთ და შარდი მუქი ფერის არაა;
- ვიდრე თავს უკეთ არ იგრძნობთ კვების რაციონიდან უნდა ამოიღოთ: რძის პროდუქტები, კოფეინის შემცველი სასმელი, ალკოჰოლი, ცხიმიანი პროდუქტები, სეზონური საკვები, დაუშვებელია თამბაქო;
- მოწამვლის დროს საერთო სისუსტე და დაღლილობა თითქმის ყველა პაციენტს აწუხებს, შესაბამისად, აუცილებელია დაისვენოთ.
მართალია საკვებით ინტოქსიკაცია თვითმკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს თუ მოწამვლა ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: პირღებინების ხშირი ეპიზოდები, ღებინებისას თუ დიარეას დროს მასაში სისხლი, დიარეა 3 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, მწვავე ტკივილი და ძლიერი სპაზმი მუცლის არეში, გაძლიერებული წყურვილის გრძნობა, პირის ღრუს სიმშრალე, დაქვეითებული შარდვა, ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევა, პირის ღრუს ტემპერატურა (38 C გრადუსი და მაღალი), მკლავებში ჩხვლეტის შეგრძნება, კუნთების სისუსტე, ბუნდოვანი მხედველობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/food-poisoning/diagnosis-treatment/drc-20356236