რას ნიშნავს სახის პარალიზი?
ეს დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ნერვის დაზიანების გამო პაციენტი ვერ ახერხებს კუნთების მოძრაობას სახის ერთ ან ორივე არეში. გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ანთებითი პროცესი, ტრავმა, ინსულტი, სიმსივნე და სხვა.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
სახის პარალიზი შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ადამიანი სახის ნერვის პარალიზით იბადება, ანუ ზოგჯერ ეს ჩივილი თანდაყოლილია.
როდესაც სახის პარალიზი შეძენილია, გამომწვევი მიზეზებია შემდეგი ფაქტორები:
- სახის ნერვი დაზიანდა ან შეშუპდა;
- ტვინის ის არე, რომელიც სიგნალებს გზავნის სახის კუნთებთან, დაზიანდა.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სახის პარალიზის გამომწვევი მდგომარეობებისა თუ შემთხვევების პრევენცია შეუძლებელია. თუმცა შეგიძლიათ ჩაიტაროთ რიგი ღონისძიებები, რომელიც ინსულტის რისკის შემცირებაში, შესაბამისად, პარალიზისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ.
რეკომენდებულია:
- რეგულარულად შეიმოწმეთ ქოლესტეროლი და არტერიული წნევა;
- მართეთ დიაბეტი და გულის დაავადება;
- მედიკამენტი მიიღეთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული ყველა წესის დაცვით;
- უარი თამბაქოზე;
- მაქსიმალურად შეზღუდეთ ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი ტიპის სასმელი;
- სასურველია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა;
- რაციონი გაამდიდრეთ მთლიანი მარცვლეულით, ხილით, ბოსტნეულით;
- შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი წონა.
სახის დამბლის გამოვლენისთანავე გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება - გახსოვდეთ, ეს სერიოზული სიმპტომია და დროულ ჩარევას საჭიროებს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24525-facial-paralysis