რა არის ლეგიონერების დაავადება?
ლეგიონერების დაავადება პნევმონიის (ფილტვების ანთება) მწვავე ფორმაა. მას იწვევს ბაქტერია სახელწოდებით ლეგიონელა. ადამიანების უმეტესობა ინფიცირდება წყლიდან ან ნიადაგიდან ბაქტერიის შესუნთქვით. ხანდაზმულები, მწეველები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები ლეგიონერების დაავადების განვითარების მაღალ რისკ-ჯგუფში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ ლეგიონელას ბაქტერია ასევე იწვევს გრიპისმაგვარ დაავადებას, რომელიც მედიცინაში ცნობილია პონტიაკის ცხელების სახელწოდებით. ლეგიონერების დაავადებასა და პონტიაკის ცხელებას ერთად ლეგიონელოზად მოიხსენიებენ.
პონტიაკის ცხელება დამოუკიდებლად იკურნება და იშვიათად რომ სპეციფიკური სამედიცინო ჩარევა გახდეს საჭირო, მაგრამ ლეგიონერების დაავადება გაცილებით მძიმე ფორმისაა და თუ დროულად არ მოხდება პათოლოგიური პროცესის მართვა შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს.
დროული ანტიბიოტიკოთერაპია ეფექტურია დაავადების შესამსუბუქებლად, თუმცა ზოგიერთ პაციენტს მაინც რჩება გარკვეული სიმპტომები მკურნალობის კურსის დასრულების შემდგომაც კი.
დაავადება, როგორც წესი, ყალიბდება ორგანიზმში ლეგიონელას ბაქტერიის შეჭრიდან 2-10 დღის შემდეგ.
საწყის ეტაპზე ვლინდება შემდეგი ნიშნები:
- თავის ტკივილი;
- კუნთის ტკივილი;
- მაღალი სიცხე.
მეორე ან მესამე დღეს შემდეგი სიმპტომები ჩნდება:
- ხველება (პაციენტს ამოაქვს სისხლი და ლორწო);
- სუნთქვის უკმარისობა;
- გულმკერდის ტკივილი;
- გულისრევა, ღებინება და დიარეა;
- დაბნეულობა ან სხვა მენტალური ჩივილი.
ძირითადად, ლეგიონერთა დაავადება აზიანებს ფილტვებს, მაგრამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ხდება ინფექციების გამომწვევი მიზეზი სხეულის სულ სხვა არეში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/legionnaires-disease/symptoms-causes/syc-20351747