ფილტვების ანთება - არის თუ არა პნევმონია გადამდები?

ფილტვების ანთება - არის თუ არა პნევმონია გადამდები?

ფილტვების ანთება (სამედიცინო ენაზე პნევმონია) ფილტვებში სითხესა და ანთებით პროცესს ნიშნავს.

გამომწვევია ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია.

ამ დიაგნოზის დროს პაციენტს უჭირს სუნთქვა, უვლინდება ტემპერატურა და ხველებისას ამოაქვს ყვითელი, მწვანე ან სისხლიანი ნახველი.

მკურნალობის კურსი დამოკიდებულია დაავადების სიმწვავესა და გამომწვევ მიზეზზე.

პნევმონიისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა, როდესაც დაავადებულია ჩვილი, 65 წელს გადაცილებული პირი ან სუსტი იმუნიტეტის თუ ანამნეზში სხვადასხვა დაავადების მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანი.

გახსოვდეთ, პნევმონია სერიოზული პათოლოგიაა - თვითნებური მკურნალობისა და ექიმთან დაგვიანებული კონსულტაციის ფონზე პაციენტის მდგომარეობა სწრაფად მძიმდება, შესაბამისად, პირველივე სიმპტომებზე უნდა მიმართოთ ექიმს.

პნევმონიისას ფილტვის ქსოვილი შუპდება და შედეგად ამ ორგანოში სითხე ან ჩირქი გროვდება. სტატისტიკურად, ვირუსულ პნევმონიასთან შედარებით ბაქტერიული ფილტვების ანთება გაცილებით მწვავე ფორმით მიმდინარეობს. ზრდასრულებში პნევმონიის ჩამოყალიბების მიზეზი, როგორც წესი, ბაქტერიაა, ხოლო სკოლის ასაკის ბავშვებში დაავადების განვითარების მიზეზი ვირუსებია.

ეს დაავადებები შეიძლება გახდეს პნევმონიის ჩამოყალიბების მიზეზი:

  • გაციება;
  • კორონავირუსი;
  • გრიპი;
  • რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი;
  • პნევმოცისტური პნევმონია;
  • ლეგიონერების დაავადება და სხვა.

თავად პნევმონია არ არის გადამდები, თუმცა ბაქტერია და ვირუსი, რომელიც ამ დაავადებას იწვევს, არის. მაგალითად, გრიპი გადამდებია და შეიძლება ფილტვების ანთების მაპროვოცირებელი გახდეს, თუმცა შესაძლოა პაციენტს გრიპი ჰქონდეს, მაგრამ პნევმონია არ განუვითარდეს.

პნევმონიის გამომწვევი ბაქტერია ადამიანიდან ადამიანს ხველების, დაცემინების, ინფიცირებულ ზედაპირზე შეხებით გადაეცემა. ვირუსისა და ბაქტერიისგან განსხვავებით სოკოვანი პნევმონია, სოკოვანი ინფექცია (სოკო, რომელიც ამ ტიპის დაავადებებს იწვევს) ადამიანიდან ადამიანს არ გადაედება.

 

წყარო: 

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4471-pneumonia