რატომ ჩნდება სისხლი შარდში?

რატომ ჩნდება სისხლი შარდში?

შარდში სისხლის შემცველობას სამედიცინო ენაზე ჰემატურია ეწოდება.

ბევრ კლინიკურ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი სახიფათო არაა, მაგრამ ზოგჯერ ჰემატურია შესაძლოა სერიოზული დარღვევის ჩვენება იყოს.

როდესაც შარდში სისხლს მაკროსკოპულად, ანუ შეუიარაღებელი თვალით ხედავთ, საქმე გაქვთ ხილულ ჰემატურიასთან, ხოლო კლინიკურ შემთხვევას, როცა შარდში სისხლის დანახვა მხოლოდ მიკროსკოპის საშუალებითაა შესაძლებელი, მიკროსკოპული ჰემატურია ეწოდება. მას ექიმი ლაბორატორიული ტესტირებით ადგენს. ორივე შემთხვევაში აუცილებელია მიზეზის დროული დადგენა და შესაბამისი მართვა. მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ჰემატურიის სიმპტომური გამოვლინებისას პაციენტი შენიშნავს, რომ შარდი ვარდისფერი, წითელი ან მოყავისფრო შეფერილობისაა, რაც ერითროციტებითაა (სისხლის წითელი უჯრედები) განპირობებული. ჩვეულებრივ, სისხლდენა მტკივნეული არ არის, მაგრამ ტკივილის შეგრძნება შეიძლება გამოვლინდეს შარდის ნაკადში სისხლის კოლტების შემთხვევაში.

ექიმთან კონსულტაციაზე უნდა ჩაეწეროთ მაშინვე, როგორც კი სისხლიან შარდს შენიშნავთ. ზოგიერთი მედიკამენტისა და საკვების გამო ზოგჯერ შარდის შეფერილობა იცვლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სწორი დიაგნოსტირებაა საჭირო.

შარდში სისხლის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • საშარდე გზების ინფექცია;
  • თირკმლის ინფექცია;
  • კენჭი შარდის ბუშტში ან თირკმელში;
  • გადიდებული პროსტატის ჯირკვალი;
  • თირკმლის დაავადება;
  • სიმსივნე;           
  • თანდაყოლილი დაავადებები;
  • თირკმლის ტრავმული დაზიანება;
  • სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი;
  • ძლიერი, ინტენსიური ვარჯიში.

ასევე გასათვალისწინებელია ასაკი - 50 წელს გადაცილებულ მამაკაცთა დიდ პროცენტს ეს პრობლემა აწუხებს. საყურადღებოა ოჯახური ანამნეზი.

 

წყარო:            

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/blood-in-urine/symptoms-causes/syc-20353432