რეტინობლასტომა - შესაძლებელია თუ არა თვალის კიბოს პრევენცია?

რეტინობლასტომა - შესაძლებელია თუ არა თვალის კიბოს პრევენცია?

რეტინობლასტომა - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები.

რეტინობლასტომა თვალის კიბოა - დაავადება ყალიბდება ბადურაზე. როდესაც ბადურაში მდებარე ნერვული უჯრედები გენეტიკურად მუტიცირდება, რეტინობლასტომა ვითარდება. მუტაციის გამო უჯრედები პათოლოგიურ ზრდას განაგრძობს, მრავლდება; უკონტროლოდ დაყოფილი უჯრედები გროვდება და სიმსივნედ ფორმირდება.

შესაძლებელია რეტინობლასტომის უჯრედები თვალში ღრმად შეიჭრას და ამასთან, ახლომდებარე სტრუქტურები დააზიანოს. მეტასტაზირების შემთხვევაში კიბო მოსალოდნელია გავრცელდეს ტვინსა და ხერხემალში. გენეტიკური მუტაციის ზუსტი გამომწვევი მიზეზის პოვნა ყოველთვის ვერ ხერხდება.

ამ დიაგნოზით, ძირითადად, ავადობენ ბავშვები, იშვიათია ზრდასრულებში. კიბო შესაძლოა გავრცელდეს როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე.

პრევენცია

რეტინობლასტომის პრევენციის გზა უცნობია.

ზოგიერთი ტიპი ყალიბდება დნმ-ის ცვლილების გამო, რაც ოჯახურ ანამნეზად ითვლება. თუ ეს დიაგნოზი ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ან ჰქონდა, ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს. ამ დროს მედიკოსი შემოგთავაზებთ გენეტიკურ ანალიზს - კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია დნმ-ის იმ ვარიაციის მიგნება, რომელიც თვალის კიბოს რისკს ზრდის.

თუ თქვენს შვილს რეტინობლასტომის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს, ანუ დაავადების ჩამოყალიბების რისკი მაღალია, პედიატრი გარკვეულ გეგმას შეადგენს ამ რისკის სამართავად. მაგალითად, მსგავს შემთხვევებში მოწოდებულია თვალის გამოკვლევა დაბადებიდან მალევე. სკრინინგით კიბოს დიაგნოსტირება ხდება გაცილებით ადრეულ სტადიაზე და ამ დროს პაციენტის განკურნების შანსი მაღალია.

თუ თქვენ ჯერ არ გყავთ შვილი და გეგმავთ რომ მშობელი გახდეთ და რეტინობლასტომათი ავადობის ოჯახური ანამნეზი გიფიქსირდებათ (ანუ ოჯახში ეს დიაგნოზი არის), აუცილებლად გააფრთხილეთ ექიმი. გენეტიკური ტესტირებით შესაძლებელია დადგინდეს არსებობს თუ არა რისკი დნმ ვარიაცია შვილს გადაეცეს და რა მეთოდებით იქნება შესაძლებელი ამ რისკის მართვა.

დიაგნოსტირება და მკურნალობა

ხშირად, დიაგნოზის დასმა იწყება თვალის გამოკვლევით. გამოსახულებითი კვლევებით დგინდება კიბოს ზომა.

მკურნალობისთვის მოწოდებულია:

  • ქიმიოთერაპია;
  • კრიოთერაპია;
  • ლაზერული თერაპია;
  • სხივური თერაპია;
  • თვალის ამოღება (ქირურგიული ჩარევა საჭიროა მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში).

ის თუ მკურნალობის რომელი მეთოდია ეფექტური ბავშვისთვის დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, კერძოდ, კიბოს ზომასა და მდებარეობაზე, დაავადება მეტასტაზირებულია თუ არა, ხომ არ გავრცელებულა მეორე თვალზე, როგორია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა.

წყარო:   

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/retinoblastoma/diagnosis-treatment/drc-20351013