თავბრუსხვევა გავრცელებული ჩივილია - ეს სიმპტომი შეგიმჩნევიათ მაშინ, როდესაც ფეხზე დგებით?
სამედიცინო ენაზე ამ მდგომარეობას ორთოსტატიკური ჰიპოტენზია ეწოდება. წოლის, ჯდომისა თუ დგომის შემდეგ პოზის ცვლილებისას სისხლის წნევა ეცემა და მომენტალურად მსუბუქ თავბრუსხვევას გრძნობთ.
სტატისტიკურად, 65 წელს გადაცილებულთა 20%-ზე მეტს ორთოსტატიკური ჰიპოტენზია აქვს, სხვადასხვა ხარისხით.
თუ ეს სიმპტომი იშვიათად გაქვთ და თავბრუსხვევა არ გრძელდება 15 წამზე მეტხანს, სავარაუდოდ, ორგანიზმს სითხე აკლია და გაუწყლოების შესამსუბუქებლად უნდა დალიოთ მეტი წყალი. თუმცა თუ თავბრუსხვევის ეპიზოდი ხშირად გაქვთ და მდგომარეობა სწრაფად არ უმჯობესდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. რეკომენდებულია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია თუ გონება დაგიკარგავთ წამოდგომის დროს ან წაქცეულხართ. მსგავსი კლინიკური შემთხვევები განიხილება როგორც საყურადღებო და მოითხოვს დროულ დიაგნოსტირებას.
გაითვალისწინეთ შემდეგი პრაქტიკული რჩევები იმ შემთხვევაში თუ სხეულის პოზის შეცვლისას მსუბუქ თავბრუსხვევას გრძნობთ და ეს სიმპტომი ძალიან იშვიათად გაწუხებთ - სხვა შემთხვევებში (მწვავე ეპიზოდები, ხშირი თავბრუსხვევა, უმიზეზო, აუხსნელი გონების დაკარგვა და სხვა) დაუშვებელია თვითმკურნალობა!
რეკომენდებულია:
- შეამოწმეთ მედიკამენტის გვერდითი ეფექტი - ზოგიერთი წამლის გვერდითი მოვლენა თავბრუსხვევაა;
- ხშირად დალიეთ წყალი, მინიმუმამდე შეამცირეთ დეჰიდრატაციის რისკი;
- სწრაფად ნუ შეიცვლით პოზას;
- თუ თავბრუსხვევას გრძნობთ ჭამის შემდეგ უნდა შეცვალოთ რაციონი;
- სასარგებლოა მსუბუქი ვარჯიში - ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის უნარს;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას ან ჯდომას.
წყარო:
https://www.health.harvard.edu/heart-health/dizzy-spells-when-you-stand-up-when-should-you-worry