ეს მდგომარეობა თქვენთვის ნაცნობია?
თუ ამჩნევთ, რომ გასაღები ხელიდან გივარდებათ, სამზარეულოში ყავის ფინჯანი უკვე რამდენჯერმე გატეხეთ და მსგავს შემთხვევებს ლამის ქრონიკული სახე აქვს, სავარაუდოდ, ხელში სისუსტე გაქვთ. რასაკვირველია, სავსებით შესაძლებელია მოუხერხებლობასთანაც გვქონდეს საქმე, თუმცა თუ ხელიდან ნივთის დავარდნა მუდმივ ჩვევად იქცა, ეს უკვე სიმპტომია და არა უნებლიე, უხერხული მოძრაობა.
ცნობილია 3 დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს კიდურებში სისუსტეს, განვიხილოთ დეტალურად.
ართრიტი
ართრიტი ერთი ან რამდენიმე სახსრის ანთებაა და დაავადებისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ტკივილი, გაშეშება/გახევება, შეშუპება, სიწითლე, შეზღუდული მოძრაობა.
ართრიტის დროს სახსარი კარგავს იმ მნიშვნელოვან ხრტილს, რომელიც კიდურის შეუფერხებელი მოძრაობისთვისაა საჭირო.
ტენდინიტი
ტენდინიტი მყესის ანთება ან გაღიზიანებაა.პათოლოგიისთვის დამახასიათებელია ტკივილი, დაჭიმულობა, მგრძნობელობის მომატება სახსარში, შეშუპება. ტენდინიტისას დაბუჟებას ან ჩხვლეტის შეგრძნებას შესაძლოა უჩიოდეთ ნებისმიერ თითში.
ძირითადად, მყესის ანთებისა თუ გაღიზიანების მიზეზი უეცარი ტრავმაა. თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ტენდინიტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში განმეორებითი მოძრაობები (ჰობის ან სამსახურის გამო).
მაჯის არხის სინდრომი
განმეორებითი მოძრაობების გამო (სამსახური, ჰობი, სპორტი) ზოგჯერ სტრესი ადგება ხელსა და თითებს.
განმეორებადი მოძრაობებისას შესაძლოა გაღიზიანდეს ნერვი, მყესი, ძვალი და შედეგად შეშუპება, კუნთის სიძლიერის დაკარგვა ჩამოყალიბდეს. ყველა ამ სიმპტომს განმეორებითი სტრესული დაზიანება ეწოდება და მათ შორის ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია მაჯის არხის სინდრომი.
მაჯის არხის სინდრომისთვის დამახასიათებელია დაბუჟება, ტკივილი და ჩხვლეტა ხელისა თუ წინამხრის არეში. კიდურის ფუნქციის შესანარჩუნებლად აუცილებელია სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს; მნიშვნელოვანია ჩატარდეს დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა.
წყარო:
https://www.blog.ohmyarthritis.com/why-do-i-keep-dropping-things-hand-weakness/