შიზოფრენია სერიოზული მენტალური დარღვევაა.
ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს უჭირთ რეალობის სწორად, ადეკვატურად აღქმა. მწვავე სიმპტომების ფონზე მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის ყოველდღიური ცხოვრების ტემპი.
შიზოფრენიით დაავადებულ პირებს ხანგრძლივი დროით სჭირდებათ მკურნალობა. თავისთავად, სასურველია დაავადება დიაგნოსტირდეს ადრეულ ეტაპზე, რადგან ამ შემთხვევაში სიმპტომების მართვა, შესაბამისად, დარღვევის პროგრესირების პრევენცია გაცილებით მარტივია - ამ შედეგისთვის კი აუცილებელია პაციენტის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა თუ ახლობლებმა იცოდნენ შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ადრეული ნიშნების შესახებ.
შიზოფრენიის ადრეული სიმპტომები განსხვავებულია. ზოგიერთი პაციენტი დაავადების დაწყებამდე ნიშნებს არ ავლენს, ხოლო ზოგჯერ ფსიქოტურ სიმპტომატიკამდე შეუმჩნეველი ცვლილებები ფიქსირდება, ანუ მსუბუქი ნიშნები გამოხატულია პათოლოგიის პროგრესირებამდე რამდენიმე წლით ადრეც კი.
შიზოფრენიის ადრეული ნიშნები განსხვავდება პაციენტის ასაკის შესაბამისად.
სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა დაახლოებით 75% დაავადების გამოვლენამდე რამდენიმე კვირით, თვით თუ წლით ადრე ერთგვარ პროდრომულ სტადიას (მომასწავებელი, მაუწყებელი) გადის.
თუ შიზოფრენია დიაგნოსტირდება 18 წლამდე ასაკის პირებში მედიკოსები მას უწოდებენ ადრეულს.
სიმპტომები უეცრად ვლინდება ან დროთა განმავლობაში ნელა პროგრესირებს და ეს ნიშნებია:
- კონკრეტული სიტუაციის ან საგნის მიმართ ძლიერი შიში;
- სხეულის ცუდი პოზა;
- ნელი მოძრაობა;
- ხმისა თუ სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ჰალუცინაციები;
- უეცარი სიმორცხვე;
- პაციენტს უჭირს რეალობა და ფანტაზია ერთმანეთისგან განასხვავოს;
- პარანოია;
- განწყობის უკიდურესი ცვლილება;
- საუბრის დროს პაციენტი არ გამოხატავს ემოციებს;
- ძლიერი შფოთვა;
- ადამიანს უჭირს ახალი ნაცნობების შეძენა ან მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
- უჩვეულო ქცევა ან უცნაური შეგრძნებები;
- უეცარი აგიტაცია ან დაბნეულობა.
შიზოფრენიით დაავადებულ პირთა დიდი პროცენტი ახალგაზრდა ზრდასრულია (გვიანი თინეიჯერობის ასაკი ან 30-დან 39 წლამდე ასაკის პირები) და ამ შემთხვევაშიც ადრეული სიმპტომები თითქმის ისეთივეა როგორიც თინეიჯერ პაციენტებში ფიქსირდება.
ადრეული პოტენციური სიმპტომებია:
- პაციენტი არ ზრუნავს პირად ჰიგიენაზე;
- ფიქრები არ არის ორგანიზებული ან საუბრის მანერა არეულია;
- სოციალური იზოლაცია;
- ცარიელი სახე (არ გამოხატავს ემოციებს);
- თვითიზოლაცია;
- ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უეცრად უვლინდება მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ.
დიაგნოზი გვიანი შიზოფრენიაა თუ ფსიქოზის სიმპტომები ვლინდება 45 წელს გადაცილებულ პირებში.
გვიანი შიზოფრენიით, როგორც წესი, ავადობენ ქალები და გამოხატულია შემდეგი სიმპტომები:
- მწვავე პარანოიდული ბოდვა;
- მწვავე ჰალუცინაციები;
- ნაკლებად მწვავე დეზორგანიზაცია და ნეგატიური სიმპტომები.
თუ შიზოფრენიის მსგავსი ფსიქოზური ნიშნები ყალიბდება 65 წელს გადაცილებულ პირებში, სიმპტომები დაკავშირებულია დემენციასთან ან სხვა ნეიროდეგენერაციულ დაავადებასთან.
შიზოფრენია შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა სტატისტიკის თანახმად, ხშირია გვიანი თინეიჯერობისა და ადრეული 20-იანი ასაკის მამაკაცებში (20-დან 30 წლამდე ასაკი), ხოლო ქალების შემთხვევაში საშუალო ასაკი ასე გამოიყურება - გვიანი 20-იანი (20-დან 30 წლამდე) და ადრეული 30-იანი წელი (30-დან 40 წლამდე).
ძალიან იშვიათია, რომ შიზოფრენია განუვითარდეს 12 წლამდე ასაკის ბავშვს ან 40 წელს გადაცილებულ ზრდასრულს.