დაზიანება თავის არეში.
თავის ტრავმა არის ნებისმიერი ტიპის დაზიანება ტვინის, სკალპისა თუ თავის ქალას მიდამოში.
დაზიანების მიხედვით, ტრავმა შეიძლება იყოს მსუბუქი და გამოიხატოს კოპით ან იყოს იმდენად ძლიერი, დიაგნოსტირდეს ტვინის ტრავმული დაზიანება.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია როგორც გამომწვევ მიზეზზე, ისე სიმწვავეზე.
თავის დაზიანების დროს, როგორც წესი, ხშირად დიაგნოსტირდება ტვინის შერყევა, სკალპის ჭრილობა, თავის ქალის მოტეხილობა.
ჭრილობა შესაძლოა იყოს ღია ან დახურული. ტრავმა დახურულია თუ დაზიანებამ არ გაარღვია თავის ქალა. ტრავმა ღიაა თუ დაზიანებისას დაირღვა სკალპისა და თავის ქალის მთლიანობა, შესაბამისად, დაზიანდა ტვინი.
როდის მივმართოთ ექიმს?
ნებისმიერი თავის ტრავმა საყურადღებოა და შესაბამისი ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული ანალიზების გარეშე წარმოუდგენელია სწორი დიაგნოზის ფორმირება. სწორედ ამიტომ თავის არეში მიღებული თუნდაც უმნიშვნელო ტრავმისას უნდა მიმართოთ ექიმს.
გახსოვდეთ, ზოგიერთი სრულიად უმნიშვნელო ტრავმისას თავიდან დიდი რაოდენობით სისხლდენა ფიქსირდება, მაგრამ გაცილებით საშიში დაზიანებისას პაციენტი თუ პაციენტის ახლობელი ერთ წვეთ სისხლსაც ვერ ხედავს, ანუ პროცესი უსიმპტომოდ პროგრესირებს. როგორც ხედავთ, მხოლოდ ზედაპირული ვიზუალური დათვალიერებით ვერ მიხვდებით რა ტიპის დაზიანებასთან გაქვთ საქმე და აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.
თავის მსუბუქი დაზიანების სიმპტომებია:
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- ტრიალის შეგრძნება;
- დაბნეულობა;
- გულისრევა;
- ყურებში ხმაური.
თავის ძლიერი ტრავმის დროსაც იგივე სიმპტომები ჩნდება როგორიც მსუბუქი დაზიანებისთვისაა დამახასიათებელი. ასევე ერთვის შემდეგი ნიშნები:
- გონების დაკარგვა;
- შეტევა;
- ღებინება;
- ბალანსის ან კოორდინაციის პრობლემები;
- ძლიერი დიზორიენტაცია;
- თვალის პათოლოგიური მოძრაობა;
- კუნთის კონტროლის დაკარგვა;
- მუდმივი თავის ტკივილი ან თავის ტკივილი, რომელიც მწვავდება;
- მეხსიერების დაკარგვა;
- გუნება-განწყობილების ცვლილება;
- ყურიდან ან ცხვირიდან იჟონება გამჭირვალე სითხე.
წყარო: