რა არის კვებითი აშლილობა?
კვებითი აშლილობა სერიოზული მდგომარეობაა, რომელიც ვნებს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას. ყველაზე გავრცელებული დარღვევებია ანორექსია, ბულიმია, გაუაზრებელი კვება.
კვებითი აშლილობა აზიანებს გულს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ძვალს, კბილებს, პირის ღრუს. კვებითი აშლილობა სავსებით მოსალოდნელია რიგი დაავადების განვითარების მიზეზი გახდეს, მაგალითად, ხშირად დიაგნოსტირდება დეპრესია, შფოთვა და სხვა პათოლოგიები.
საყურადღებო სიმპტომებია:
- საჭმელზე უარის თქმა;
- ადამიანი თვითნებურად, სპეციალისტის გარეშე ადგენს მკაცრ დიეტას, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ორგანიზმს (ფაქტობრივად შიმშილი);
- ზედმეტი ფოკუსირება საკვებზე და ჯანსაღ კვებაზე - ადამიანი არ ესწრება ისეთ ღონისძიებებს, სადაც შეიძლება რომ ჭამა მოუწიოს;
- არ ჭამს იმ კერძს, რომელიც ოჯახისთვის მომზადდა, საკუთარს ყიდულობს;
- არ ერთვება სოციალურ აქტივობებში;
- მასთან საუბრისას შეამჩნევთ, რომ ძირითადი სასაუბრო თემა დიეტა, წონა ან კილოგრამების დაკლებაა;
- მუდმივი დარდი ფიგურაზე;
- არასდროს თვლის, რომ ნორმალური/ჯანსაღი აღნაგობისაა - თავს ან მსუქნად მიიჩნევს, ან ზედმეტად გამხდრად;
- ნაკლის, დეფექტის აღმოსაჩენად გამუდმებით სარკეში ყურება, ვიზუალის კრიტიკული თვალით შეფასება;
- არაადეკვატური ფიზიკური აქტივობა, არარეკომენდებული, ზედმეტი ვარჯიში;
- ჩუმად, სხვებისგან დამალულად ჭამა;
- გასუქების ისტერიკული, პანიკური შიში;
- სურვილი, რომ ჰქონდეს ტანი ან წონა, რომელიც მისი აღნაგობისა და ჯანმრთელობისთვის არარეალურია;
- ჭამის შემდეგ ხელოვნურად იწვევს ღებინებას;
- პაციენტი იღებს ზედმეტად დიდი დოზის საკვებს, ჭარბ ულუფას. ეუფლება შეგრძნება, რომ ვერ აკონტროლებს კვების პროცესს, ჭამის სურვილს, არ შეუძლია შეჩერება;
- სირცხვილის, დანაშაულის შეგრძნება ჭამის შემდეგ.
კვებითი აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხელშემწყობი ფაქტორებია გენეტიკა და ბიოლოგიური თავისებურებები.
რისკ-ფაქტორებია:
- კვებითი აშლილობის ოჯახური ანამნეზი;
- გადატანილი ტრავმა;
- შფოთვა;
- დეპრესია;
- ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;
- ქრონიკული დიეტა და შიმშილობა;
- ბულინგი, როდესაც წონის გამო დასცინიან ან შენიშვნას აძლევენ;
- სტრესი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/eating-disorders/symptoms-causes/syc-20353603